დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი დებატების დროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის შერჩევის ვადების საკითხზე დაუპირისპირდნენ
არჩევნებამდე ხუთი კვირით ადრე აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატები დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი ერთმანეთს ტელედებატებში პირველად დაუპირისპირდნენ.
დებატების პირველი შეკითხვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის შერჩევის ვადებს ეხებოდა. ოპონენტებმა საკუთარი მოსაზრება დააფიქსირეს მოსამართლის კანდიდატურის წარდგენის დროსთან დაკავშირებით.
დონალდ ტრამპის თქმით, რესპუბლიკელებმა 2016 წლის არჩევნები მოიგეს, რასაც თავისი შედეგები მოაქვს. პრეზიდენტმა ისაუბრა მის მიერ წარდგენილ მოსამართლეობის კანდიდატ ემი კონი ბარეტზეც, რომელიც მისი თქმით, გამორჩეული მოსამართლე იქნება.
„ჩვენ მოვიგეთ არჩევნებში შესაბამისად, ჩვენ გვაქვს უფლება ავირჩიოთ ის“, – განაცხადა ტრამპმა.
თავის მხრივ, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ნოემბრის არჩევნების შედეგებმა უნდა განსაზღვროს, თუ ვინ დაიკავებს უზენაეს სასამართლოში გარდაცვლილ რუთ ბეიდერ გინსბურგის ადგილს.
„ჩვენ უნდა დავიცადოთ და ვნახოთ, რა იქნება ამ არჩევნების შედეგი“, – აღნიშნა ბაიდენმა.
აშშ-ში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები უვადოდ ინიშნებიან. მოსამართლეობის კანდიდატს პრეზიდენტი წარადგენს, რის შემდეგაც მას სენატი ამტკიცებს, სადაც ამჟამად უმრავლესობას მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თანაპარტიელები – რესპუბლიკელები ფლობენ.
აღნიშნული თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც აშშ-ის უზენაესი სასამართლოს უხუცესი წევრი რუთ ბეიდერ გინსბურგი გარდაიცვალა.