დონალდ ტრამპი - პუტინთან დღევანდელი შეხვედრა ხანგრძლივი პროცესის მხოლოდ დასაწყისია
ჩვენი ურთიერთობები არასდროს ყოფილა ამაზე ცუდი, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ოთხი საათის წინ ეს შეიცვალა, – აღნიშნული განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
დონალდ ტრამპის თქმით, ორ ქვეყანას შორის არსებული უთანხმოება ყველასთვის ცნობილია და სწორედ ამ საკითხებზე საუბრობდნენ ლიდერები დახურულ კარს მიღმა, ორი საათის განმავლობაში.
ამერიკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ პროდუქტიული დიალოგია კარგია არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და რუსეთისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.
მისივე თქმით, პუტინთან შეხვედრის დროს ბირთვულ იარაღზე და სირიაში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს.
„ჩვენს თანამშრომლობას აქვს პოტენციალი, რომ სირიაში ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ”,- განაცხდა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, პუტინს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის საკითხზეც დაუსვა კითხვა. ტრამპმა თქვა, რომ პუტინს ამასთან დაკავშირებით საინტერესო იდეა აქვს.
დონალდ ტრამპი აცახებს, რომ ლიდერებმა გლობალურ ტერორიზმზე და ამ მიმართულებით თანამშრომლობაზეც იმსჯელეს.
“დღევანდელი შეხვედრა არის ხანგრძლივი პროცესის მხოლოდ დასაწყისი, ნათელი მომავლისკენ პირველი ნაბიჯი გადავდგით. ჩვენი მოლოდინი დაფუძნებულია რეალიზმზე. ეს იყო ძალიან კონსტრუქციული რამდენიმე საათი, რომელიც ერთად გავატარეთ. დარწმუნებული ვარ, მომავალში ხშირად შევხვდებით “,- განაცხადა ტრამპმა.