დონალდ ტრამპი – ჩვენი სიცოცხლის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი შუალედური არჩევნებია, დემოკრატიულმა პარტიამ ისტორიაში ყველაზე საშიში კანდიდატები წარადგინა, ჯიჰადისტები და მუსლიმები, მათ რადიკალური დღის წესრიგი აქვთ
ჩემი აზრით, ჩვენი სიცოცხლის განმავლობაში ეს ყველაზე მნიშვნელოვანი შუალედური არჩევნებია, — ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში წინასაარჩევნო გამოსვლისას განაცხადა.
დემოკრატი კანდიდატები მან „ყველაზე საშიშებად“ მოიხსენია და აღნიშნა, რომ მათ შორის „ჯიჰადისტებიც“ არიან. მისივე თქმით, დემოკრატების პროგრამა ღია საზღვრებს, გადასახადების ზრდასა და ენერგიაზე ფასების გაძვირებას ნიშნავს.
„დემოკრატიულმა პარტიამ ამერიკის ისტორიაში ყველაზე ექსტრემისტული და საშიში კანდიდატები წარადგინა. ისინი ყველაზე საშიში კანდიდატები არიან, რაც კი ოდესმე წარუდგენიათ. ჯიჰადისტები და მუსლიმები. მათ რადიკალური დღის წესრიგი აქვთ: ღია საზღვრები, გადასახადების ტრილიონობით დოლარით გაზრდა, თქვენი იარაღის ჩამორთმევა, ბავშვების ტრანსგენდერული დასახიჩრება, ნავთობისა და ბუნებრივი გაზის გაუქმება და მთელი მსოფლიოდან მილიონობით მიგრანტისთვის კარის გაღება იმ იმედით, რომ ისინი ხმის მიცემას შეძლებენ. მხოლოდ ამიტომ უშვებენ მათ“, — აღნიშნა ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა ამომრჩეველს მოუწოდა, ბიულეტენის შევსებისას ნავთობის გაიაფება გაიხსენონ.
„ნავთობის ფასი ახლა მკვეთრად ეცემა, ეს რეკორდია. ასეთი ვარდნა ჯერ არავის უნახავს და კიდევ დაიკლებს. იმედი მაქვს, ხალხი ამას გაიაზრებს, როცა კენჭისყრის კაბინაში შევა, რადგან ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონოდა“, – აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა გაიმეორა დაპირება, რომ თუ რესპუბლიკელები არჩევნებს მოიგებენ, ყველა ზრდასრული ამერიკელი 5 000 დოლარს მიიღებს.
„თუ არჩევნებს მოვიგებთ, ყველა მიიღებს 5 000 დოლარს. ოღონდ ეს თანხა ამერიკის შეერთებულ შტატებში უნდა დახარჯოთ“, – განაცხადა ტრამპმა.
ცნობისთვის, ინიციატივის ღირებულება დაახლოებით 1,35 ტრილიონი დოლარი იქნება, რაც აშშ-ის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით ოთხი პროცენტია.
ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანს შეერთებულ შტატებთან ომის დასასრულებლად გარიგება უნდა და ეს, „შეიძლება, მოხდეს“.
„ჩვენ ირანთან ადვილად ვიმარჯვებთ. მათი ფლოტი აღარ არსებობს, მათი ავიაცია აღარ არსებობს. საზენიტო საშუალებები და სარაკეტო შესაძლებლობები ბევრად შემცირებულია, რაკეტების წარმოების შესაძლებლობაც. ფული არ აქვთ და ერთადერთი, რაც აქვთ, ბოლო 15 წლის ყველაზე მაღალი ინფლაციაა, 300 პროცენტზე მეტი. გარიგება უნდათ და ეს, შეიძლება, მოხდეს“, — აღნიშნა ტრამპმა.