დონალდ ტრამპი - ჩვენ ვერ მივცემთ ტერორიზმის სპონსორ ირანს უფლებას, პლანეტის ყველაზე საშიში იარაღი ჰქონდეს
ჩვენ ვერ მივცემთ ტერორიზმის სპონსორ ირანს უფლებას, პლანეტის ყველაზე საშიში იარაღი ჰქონდეს. ამის შესახებ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს დონალდ ტრამპმა განაცხადა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, ქვეყანას, რომლის ლოზუნგიც არის „სიკვდილი ამერიკას“, ასეთი იარაღის ქონის უფლება არ აქვს.
გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს თეთრი სახლის ლიდერმა საერთაშორისო საზოგადოებას ირანის იზოლაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
„ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას ირანის იზოლაციისკენ, ვიდრე რეჟიმი აგრესიულ ქმედებებს განაგრძობს. ამ ხერხით ჩვენ ირანელ ხალხს დავუჭერთ მხარს“,- განაცხადა დონალდ ტრამპმა.
„ირანის ლიდერები პატივს არ სცემენ საკუთარ მეზობლებს, საზღვრებს და მათ სუვერენულ უფლებებს. ამის საწინააღმდეგოდ ახლო აღმოსავლეთის ტერიტორიაზე და მის საზღვრებს გარეთ არეულობას თესავენ. ირანელები სწორად არიან აღშფოთებულები იმაზე, რომ მათი ხელისუფლება ბიუჯეტიდან მილიარდობით დოლარს ითვისებს. ისინი შეურაცხყოფას აყენებენ ადამიანების რწმენას და მარიონეტული ომებისთვის იყენებენ. ეს ძალიან ცუდია“,- განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა სიტყვით გამოსვლის დროს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რეგიონში ირანის გავლენაზე ისაუბრა. დონალდ ტრაპის თქმით, ისლამური რესპუბლიკის ექსპანსიური და აგრესიული პოლიტიკა მეზობლებს ძალიან ძვირი უჯდებათ.
„სწორედ ამიტომ, ახლო აღმოსავლეთის ძალიან ბევრი სახელმწიფო ჩემს გადაწყვეტილებას მხარს უჭერს, რაც 2015 წლის საშინელი ბირთვული შეთანხმებიდან ამერიკის შეერთებული შტატების გამოთიშვას და სანქციების განახლებას გულისხმობს. ირანის შეთანხმება ისლამური რესპუბლიკის ლიდერებისთვის გამარჯვება იყო“,- აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, შეთანხმებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ ირანის სამხედრო ბიუჯეტი დაახლოებით 40 პროცენტით გაიზარდა. დიქტატურამ ბირთვული ობიექტების ასაშენებლად ფონდები გამოიყენა, გაზარდა შიდა რეპრესიები და ტერორიზმის დაფინანსება. ირანმა დააფინანსა ქაოსი და სისხლისღვრა სირიასა და იემენში.
„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რეჟიმის წინააღმდეგ საბრძოლველად წამოიწყო ეკონომიკური ზეწოლის კამპანია. გასულ თვეში ჩვენ დავიწყეთ იმ სანქციების დაწესება, რომლებიც ბირთვული შეთანხმების ფარგლებში გაუქმდა. დამატებითი სანქციები 5 ნოემბერს დაწესდება“,- განაცხადა დონალდ ტრამპმა