დონალდ ტრამპი - ბობ ვუდვორდის ახალი წიგნი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად
ბობ ვუდვორდის ახალი წიგნი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
მისი თქმით, წიგნი უკვე დისკრედიტებულია, რადგან ტყუილებსა და ყალბ წყაროებს ეყრდნობა.
ბობ ვუდვორდის ახალ წიგნს სახელწოდებით, „შიში. დონალდ ტრამპი თეთრ სახლში“ გამოეხმაურა აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ჯეიმს მეტისიც და მას „ვინმეს მდიდარი წარმოსახვის პროდუქტი“ უწოდა.
ბობ ვუდვორდის წიგნი 11 სექტემბერს უნდა გამოვიდეს, თუმცა წიგნის ფრაგმენტები უკვე გავრცელდა.
წიგნის ავტორი წერს, რომ დონალდ ტრამპს ბაშარ ასადის მოკვლა და ჩრდილო კორეაზე პრევენციული დარტყმის განხორციელება სურდა.
ბობ ვუდვორდი აშშ-ში პოპულარობით სარგებლობს. სწორედ მისი და მისი კოლეგის კარლ ბერნშტეინის გამოძიებამ პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონის გადადგომა გამოიწვია. ვუდვორდს წიგნები დაწერილი აქვს ჯორჯ ბუშზე და ბარაკ ობამაზეც.