ახალი წიგნი ტრამპზე - აშშ-ის პრეზიდენტს ბაშარ ასადის მოკვლა სურდა და ჩრდილო კორეაზე პრევენციულ დარტყმას ითხოვდა
ახალი წიგნი ტრამპზე - აშშ-ის პრეზიდენტს ბაშარ ასადის მოკვლა სურდა და ჩრდილო კორეაზე პრევენციულ დარტყმას ითხოვდა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შესახებ წიგნი სახელწოდებით, „შიში. ტრამპი თეთრ სახლში“ ამერიკელმა ჟურნალისტმა და The Washington Post-ის სარედაქციო კოლეგიის წევრმა, ბობ ვუდვორდმა დაწერა.

წიგნში აღნიშნულია, რომ თანამდებობის დაკავებიდან ერთი თვის შემდეგ, დონალდ ტრამპმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის ხელმძღვანელს, ჯოზეფ დანფორდს ჩრდილო კორეის წინააღმდეგ პრევენციული დარტყმის გეგმის შემუშავება მოთხოვა, პრეზიდენტის თხოვნამ კი დანფორდი გააკვირვა.

გარდა ამისა, 2017 წლის 19 იანვარს, უშიშროების საბჭოს სხდომაზე დონალდ ტრამპმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა კორეის ნახევარკუნძულზე აშშ-ის სამხედრო კომპონენტის არსებობა.

„ჩვენ ამას ვაკეთებთ, რომ თავიდან ავიცილოთ მესამე მსოფლიო ომი“ – უპასუხა ტრამპს აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.

წიგნში წერია, რომ შეხვედრის შემდეგ ჯეიმს მეტისი გაბრაზებული და შეშფოთებული იყო და ახლო წრეს განუცხადა, რომ პრეზიდენტი მეხუთე კლასელივით იქცეოდა. წიგნში საუბარია 2017 წელს სირიის იდლიბის პროვინციაში ქიმიური იარაღის გამოყენების შემდეგ არსებულ ვითარებაზე, როდესაც დონალდ ტრამპმა პენტაგონის ხელმძღვანელს ყვირილით დაურეკა და ასადის ლიკვიდაციას ითხოვდა.

„მოვკლათ ასადი, მიდით იმოქმედეთ, მოდით ყველა დავხოცოთ“ – ეუბნებოდა ტრამპი მეტისს.

აშშ-ის თავდაცვის მდივანი პრეზიდენტს დაეთანხმა, თუმცა ყურმილი დაუკიდა და ერთ-ერთ თანაშემწეს უთხრა, რომ ასადის მკვლელობას არ აპირებდა, თუმცა საპასუხო ზომებს მიიღებდა.

წიგნში ასევე საუბარია ერთ შემთხვევაზე, როდესაც დონალდ ტრამპის მაშინდელმა ეკონომიკურმა მრჩეველმა პრეზიდენტის მაგიდიდან დოკუმენტი მოიპარა. აღნიშნული დოკუმენტის ხელმოწერის შემთხვევაში, აშშ-ი სამხრეთ კორეასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას დატოვებდა. დონალდ ტრამპზე წიგნი 11 სექტემბერს გამოვა.