დონალდ ტრამპი - ბაიდენისა და ჰარისის ადმინისტრაციამ მილიონობით მიგრანტს მისცა უფლება, აშშ-ში ჩამოსულიყვნენ და ახლა ეს ადამიანები შინაური ცხოველებით იკვებებიან
ბაიდენისა და ჰარისის ადმინისტრაციამ მილიონობით მიგრანტს მისცა უფლება, აშშ-ში ჩამოსულიყვნენ და ახლა ეს ადამიანები შინაური ცხოველებით იკვებებიან. ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა კამალა ჰარისთან სატელევიზიო დებატების დროს განაცხადა.
„შეხედეთ, რა ხდება ჩვენს ქალაქებში. ბევრ ქალაქში ამაზე საუბარიც არ სურთ, რადგანაც რცხვენიათ. სპრინგფილდში მიგრანტები ძაღლებსა და კატებს ჭამენ. ისინი ჭამენ ადგილობრივების შინაურ ცხოველებს. ეს ხდება ჩვენს ქვეყანაში და ეს სირცხვილია. ჩემს მიტინგებზე ხალხი დადის, რადგან ქვეყნის დაბრუნება სურთ. სურთ, რომ მათი სამშობლო ისევ დიადი იყოს. ჩემი ოპონენტი ამ ქვეყანას ანადგურებს. თუ ის გახდება პრეზიდენტი, აშშ-ს არ ექნება შანსიც კი, მიაღწიოს წარმატებას. აშშ გადაიქცევა ვენესუელად სტეროიდებზე“, – განაცხადა ტრამპმა.
ამავე თემაზე მოდერატორის კითხვაზე, რატომ დააწესა ბაიდენის ადმინისტრაციამ არალეგალი მიგრანტებისთვის საზღვრის კვეთაზე მკაცრი შეზღუდვა არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე და არ გააკეთა ეს მანამდე, ჰარისმა განაცხადა, რომ ის მხარს უჭერდა კონგრესში წარდგენილ კანონს, რომელიც აშშ-ის საზღვრებზე უსაფრთხოების დასაცავად დამატებითი ზომების გატარებას ითვალისწინებდა, თუმცა ეს კანონი ტრამპის მოთხოვნით არ იყო მიღებული. ჰარისმა ასევე გააკრიტიკა ტრამპი მისი საარჩევნო გამოსვლების გამო. აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის თქმით, ტრამპი მიტინგებზე არასდროს ლაპარაკობს ამომრჩევლების საჭიროებებზე.
„მე ვარ ადამიანი, რომელმაც გაასამართლა ტრანსნაციონალური ორგანიზაციები იარაღის, ნარკოტიკების გადაზიდვისა და ადამიანების ტრეფიკინგისთვის. მინდა, გითხრათ, რომ აშშ-ის კონგრესმა და, მათ შორის, კონგრესის ყველაზე კონსერვატიული წევრების ჩათვლით, წარადგინა აშშ-ის საზღვრის უსაფრთხოების დაცვის პაკეტი, რომელსაც მე მხარი დავუჭირე. ამ პაკეტით დამატებით 1 500 სასაზღვრო ოფიცერი იქნებოდა მობილიზებული საზღვარზე. ეს ასევე მოგვცემდა საშუალებას, შეგვეჩერებინა ნარკოტიკული ნივთიერება „ფენტალინის“ ნაკადი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შემოედინება. ეს კანონი მოგვცემდა მეტ საშუალებას, რათა ტრანსნაციონალურ ორგანიზაციებთან გვებრძოლა, მაგრამ იცით, რა მოხდა? ტრამპმა აიღო ტელეფონი და უთხრა კონგრესში ხალხს, ჩაეგდოთ ეს კანონი. და იცით, რატომ? რადგანაც მას ურჩევნია საარჩევნო კამპანია ააგოს ამ პრობლემის გარშემო, ნაცვლად მისი მოგვარებისა. უნდა გვესმოდეს, რომ ეს ხდება იმ დროს, როდესაც ჩვენს ხალხს სჭირდება ლიდერი, რომელიც ჩართულია გამოსავლის პოვნაში, რომელიც გადაჭრის პრობლემებს. მაგრამ ახლა ყოფილი პრეზიდენტის სახით გვყავს ადამიანი, რომელსაც პრობლემის გარშემო საარჩევნო კამპანიის წარმოება ურჩევნია. აქვე გეტყვით, რომ დღეს ტრამპი ძალიან ბევრს ილაპარაკებს მიგრაციაზე და ამას იმ კითხვებზე საპასუხოდ გააკეთებს, რომლებიც ამ თემას საერთოდ არ ეხება.
მინდა, უჩვეულო რამ გავაკეთო და შემოგთავაზოთ, დაესწროთ ტრამპის მიტინგებს. ეს ძალიან საინტერესო სანახავია. მისი მიტინგების დროს ის საუბრობს გამოგონილ პერსონაჟებზე, როგორიცაა, მაგალითად, ჰანიბალ ლექტორი, ის ამბობს, რომ ქარის ელექტროსადგურები კიბოს იწვევს. თქვენ აუცილებლად დაინახავთ, რომ ხალხი მის მიტინგებს დროზე ადრე ტოვებს, რადგან იღლება. ერთადერთი, რაზეც ტრამპი მიტინგზე არ ლაპარაკობს, ხართ თქვენ, ამომრჩევლები. ის არ ლაპარაკობს თქვენს საჭიროებებზე, ოცნებებსა და სურვილებზე. მე კი დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ გჭირდებათ პრეზიდენტი, რომელიც პირველ ადგილზე თქვენ დაგაყენებთ, გპირდებით, რომ მე ასეთი პრეზიდენტი ვიქნები“, – განაცხადა ჰარისმა.
საპასუხოდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჰარისის მიტინგებზე ხალხი საერთოდ არ მიდის და თუ მიდის, მაშინ ამ ადამიანებს სანაცვლოდ ფულს უხდიან.
„ხალხი არ ტოვებს ჩემს მიტინგებს. ჩვენ ვაწყობთ პოლიტიკის ისტორიაში ყველაზე მრავალრიცხოვან და საოცარ მიტინგებს. ეს იმიტომ ხდება, რომ ხალხს ქვეყნის დაბრუნება სურს. ახლა ჩვენი ქვეყანა დაკარგულია. ჩვენ წარუმატებელი სახელმწიფო ვართ“, – განაცხადა ტრამპმა.