დონალდ ტრამპი აშშ-ში სიკვდილით დასჯის შემოღებას ითხოვს იმ მიგრანტებისთვის, ვინც ქვეყნის მოქალაქეს ან სამართალდამცავს მოკლავს
აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი დონალდ ტრამპი სიკვდილით დასჯის შემოღებას ითხოვს იმ მიგრანტებისთვის, ვინც აშშ-ის მოქალაქეს ან სამართალდამცავს მოკლავს.
ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა კოლორადოში ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა.
დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, აშშ-ის ისტორიაში დეპორტაციის ყველაზე მასშტაბურ ოპერაციას ჩაატარებს და საზღვარს ჩაკეტავს, რათა მიგრანტებმა ქვეყანაში არალეგალური გზით შესვლა ვეღარ შეძლონ.
„და თუ ისინი კვლავ ჩვენს ქვეყანაში დაბრუნდებიან, მათ ვეტყვით, რომ ეს იქნება ავტომატური ათწლიანი პატიმრობა ვადამდელი გათავისუფლების შესაძლებლობის გარეშე. მე გამოვდივარ მოწოდებით ნებისმიერი მიგრანტის სიკვდილით დასჯისკენ, რომელიც მოკლავს შეერთებული შტატების მოქალაქეს ან სამართალდამცავს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.