დონალდ ტრამპი აშშ-ში იმიგრაციას 60 დღით აჩერებს, აკრძალვა „მწვანე ბარათებს” შეეხება
ამერიკის შეერთებული შტატები 60 დღით იმიგრაციას აჩერებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ყოველდღიურ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, ქვეყანაში ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით იქნება მიღებული გადაწყვეტილება იმიგრაციის შეჩერების განკარგულების გახანგრძლივების ან ცვლილების შესახებ.
მისი თქმით, აკრძალვა აშშ-ში მუდმივი ბინადრობის – „მწვანე ბარათის” მოპოვების მსურველებზე გავრცელდება, თუმცა დაშვებული იქნება გარკვეული გამონაკლისები.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, იმიგრაციის შეჩერების განკარგულება სავარაუდოდ 22 აპრილს გამოქვეყნდება.
ტრამპის განმარტებით, იმიგრაციის შეჩერებით მისი ადმინისტრაცია დასაქმების რიგში პირველ ადგილზე უმუშევარ ამერიკელებს დააყენებს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მთავრობა დაიცავს ამერიკელ მუშებს.
„ჩვენ უპირველეს ყოვლისა, ამერიკელ მუშებზე უნდა ვიზრუნოთ”, – აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, იმიგრაციის შეჩერებით ქვეყანა სასიცოცხლო მნიშვნელობის სამედიცინო რესურსებს ამერიკელებისთვის დაზოგავს.
ყოველწლიურად დაახლოებით ერთი მილიონი „მწვანე ბარათი” თამაშდება, რაც იმიგრანტს აშშ-ში ლეგალურად ცხოვრებისა და მოქალაქეობის მოპოვების შესაძლებლობას ანიჭებს.