დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ამერიკელების უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, აშშ-ის კონგრესმა იმიგრაციის შესახებ კანონი გაამკაცროს. ეს განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ნიუ იორკში მომხდარი აფეთქების შემდეგ გააკეთა.
ტრამპის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში ნიუ იორკში მასობრივი მკვლელობის მცდელობის უკვე მეორე შემთხვევა ცხადს ხდის იმიგრაციის შესახებ კანონის გამკაცრების აუცილებლობას.
აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მანჰეტენზე აფეთქებაში ეჭვმიტანილი ქვეყანაში ე.წ. ოჯახური იმიგრაციის პროგრამით მოხვდა, რაც ეროვნულ უსაფრთხოებასთან არათავსებადია.
„კონგრესმა უნდა შეაჩეროს ჯაჭვური მიგრაცია. მათ ასევე უნდა მიიღონ მხედველობაში ჩემი ადმინისტრაციის სხვა განცხადებები, რომლებიც უსაფრთხოების გაძლიერებისკენაა მიმართული. უდიდესი ზიანი, რომელიც ამ ხარვეზებიან სისტემას მოაქვს ამერიკის უსაფრთხოებისთვის და ეკონომიკისთვის, უკვე დიდი ხანია თვალსაჩინოა“, – აცხადებს დონალდ ტრამპი.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი ტერორიზმში ბრალდებულების მიმართ დასაწესებელ სანქციებზეც საუბრობს. მისი თქმით, ასეთი დამნაშავეებისთვის სასჯელის უმაღლესი ფორმა, სიკვდილით დასჯა უნდა გამოიყენებოდეს.
„ამერიკას ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ მუდმივად უმკაცრესი პოზიცია უნდა ჰქონდეს“, – ნათქვამია ტრამპის განცახდებაში.
ორშაბათს მანჰეტენზე, მიწისქვეშა გადასასვლელში აფეთქების ხმა გაისმა. წინასწარი მონაცემებით, თავდამსხმელ აკაიედა ულას ტანზე ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა დამაგრებული, რომლის გააქტიურების შემდეგაც, ის თავად დაშავდა. კიდევ სამმა ადამიანმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო.
გავრცელებული ინფორმაციით, ულა აშშ-ში 2011 წელს იმიგრაციული ვიზით ჩავიდა. მას ქვეყანაში ცხოვრების უფლება კანონიერად აქვს მიღებული.