როდესაც საუბარია ვაჭრობაზე, აშშ ყოველთვის პირველი იქნება, მაგრამ ამერიკა უპირველეს ყოვლისა, არ ნიშნავს ცალკე მდგომ ამერიკას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.
დონალდ ტრამპის თქმით, პარტნიორებმა უნდა იცოდნენ, რომ აშშ არ შეეგუება უსამართლო ვაჭრობას. თეთრი სახლის ლიდერმა აშშ-ის შიდა პოლიტიკაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ერთ წელიწადში ახალ ადმინისტრაციას უზარმაზარი წარმატებები აქვს ბევრი მიმართულებით.
დონალდ ტრამპის განცხადებით, მსგავს მოკლე დროში აშშ-ის ამგვარ წარმატებებისთვის არასდროს მიუღწევია.
„აშშ ღიაა ბიზნესისთვის“ – უთხრა ფორუმის მონაწილეებს ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა პოზიტიურად შეაფასა საგადასახდო რეფორმა და თქვა, რომ ეს ბევრი ადამიანის ოცნება იყო, თუმცა რეფორმის გაკეთება პოლიტიკურად ძალიან დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. დონალდ ტრამპს სიტყვით გამოსვლისას არც მედიასთან არსებული ურთიერთობები დავიწყებია.
„ბიზნესმენობის დროს მქონდა აქტიური შეხება მედიასთან, მაგრამ პოლიტიკაში შესვლის შემდეგ გავაანალიზე, თუ რამდენად წინააღმდეგობრივი და ყალბი შეიძლება იყოს მედია“, – განაცხადა ტრამპმა.