დონალდ ტრამპი - არც ერთი ბავშვსა და მასწავლებელს არ უნდა შეექმნას საფრთხე ამერიკულ სკოლებში
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ფლორიდის შტატში, პარკლენდის სკოლაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მოქალაქეებს მიმართავს.
„მივმართავ მგლოვიარე ერს. გუშინ უდანაშაულო მოსწავლეები და მზურნველი პედაგოგები სიძულვილითა და ბოროტებით სავსე მოვლენების მომსწრე გახდნენ. თავდამსხმელმა, რომელიც ახლა საპყრობილეშია, ცეცხლი გაუხსნა დაუცველ მოსწავლეებსა და მასწავლებლებსა. მან მოკლა 17 და დაჭრა სულ მცირე 14 ადამიანი. მთელი ერი ლოცულობს დაშავებულებისთვის. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ. ჩვენ ერთი დიდი ამერიკული ოჯახი ვართ.
არც ერთი ბავშვი და მასწავლებელი არ უნდა იყოს საფრთხეში ამერიკულ სკოლებში. არც ერთი მშობელი არ უნდა შიშობდეს მათი შვილების უსაფრთხოებაზე, როდესაც ისინი დილაობით მათ მიაცილებენ. დღეს ჩვენ ვგლოვობთ მათ ვინც დაიღუპა.
მადლობას ვუხდით სამაშველო სამსახურებსა და სამართალდამცველებს, რომლებიც ადგილზე პირველი გამოცხადდნენ. მასწავლებლებს, რომლებიც საფრთხეს არ შეუშინდნენ. მე ვაპირებ ვეწვიო პარკლენდს და შევხვდე მშობლებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას“,- აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
საშუალო სკოლაზე თავდასხმა ოთხშაბათს შუა დღეს განხორციელდა. ამავე სკოლის ყოფილმა მოწაფემ, 19 წლის ნიკოლას კრუზმა სკოლის ტერიტორიაზე ცეცხლი გახსნა. თავდასხმას 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობებით საავადმყოფოში გადაყვანილია 20-მდე პირი. სამი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. თავდამსხმელი პოლიციამ სკოლის ტერიტორიაზევე დააკავა.
აშშ-ში ხუთდღიანი გლოვაა გამოცხადებული.