დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ზედმეტად დაკავებულია კონგრესში მისი იმპიჩმენტის პროცედურის საკითხზე მოსმენების საყურებლად
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ზედმეტად დაკავებულია იმისთვის, რომ კონგრესში მისი იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში მიმდინარე საჯარო მოსმენებს უყუროს.
ამის შესახებ აშშ-ის ლიდერმა ოვალურ კაბინეტში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრისას, ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე პასუხად განაცხადა. ტრამპმა მის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას კვლავ „ალქაჯებზე ნადირობა“ უწოდა.
„არ ვუყურებ. ზედმეტად დაკავებული ვარ, რომ ამას ვუყურო. ეს არის ალქაჯებზე ნადირობა. ეს არის თაღლითობა. მე ზედმეტად დაკავებული ვარ ამის საყურებლად. დარწმუნებული ვარ, ანგარიშს მომაწვდიან“, – განაცხადა ტრამპმა.
დღეს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის ფარგლებში პირველი საჯარო მოსმენა იმართება. ოპონენტები დონალდ ტრამპს ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების დასაწყებად უკრაინის ლიდერ ვლადიმირ ზელენსკიზე ზემოქმედებაში ადანაშაულებენ. აშშ-ის პრეზიდენტი ბრალდებებს უარყოფს.