დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უძრავი ქონების დეველოპერი სტივ ვიტკოფი ახლო აღმოსავლეთში თავისი სპეციალური წარმომადგენელი იქნება
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უძრავი ქონების დეველოპერი სტივ ვიტკოფი ახლო აღმოსავლეთში თავისი სპეციალური წარმომადგენელი იქნება

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უძრავი ქონების დეველოპერი სტივ ვიტკოფი ახლო აღმოსავლეთში თავისი სპეციალური წარმომადგენელი იქნება.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ვიტკოფი არის ტრამპის ახლო მეგობარი, მისი კამპანიის მსხვილი დონორი და გოლფის პარტნიორი.

ვიტკოფი დონალდ ტრამპთან ერთად იმყოფებოდა გოლფკლუბში სექტემბერში მომხდარი ინციდენტის დროს, როცა ტრამპის სიახლოვეს სროლა მოხდა. ამასთან, სტივ ვიტკოფმა სამოქალაქო თაღლითობის საქმეზე ტრამპის სასარგებლოდ ჩვენებაც მისცა. სასამართლოს განუცხადა, რომ ისინი 1986 წელს, ბიზნესგარიგების შემდეგ შეხვდნენ. ვიტკოფის თქმით, ტრამპს სენდვიჩი უყიდა, რადგან იმ დროს ტრამპს ნაღდი ფული არ ჰქონდა.

დონალდ ტრამპი აღნიშნავს, რომ ვიტკოფი არის ლიდერი, რომელმაც გააძლიერა, უფრო წარმატებული გახადა ყველა პროექტი და საზოგადოება, რომელშიც ჩართული იყო.

ცნობისთვის, მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სტივ ვიტკოფი თავისი ინაუგურაციის დამგეგმავი კომიტეტის თანათავმჯდომარედ დაასახელა.