დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში აკრძალავს სქესის შეცვლის ოპერაციებს - „ღმერთმა ორი სქესი შექმნა, მამრობითი და მდედრობითი“
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში აკრძალავს სქესის შეცვლის ოპერაციებს ყველა შტატში. ამის შესახებ ტრამპმა ჩრდილოეთ კაროლინაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„კამალა ამერიკის ყველა საჯარო სკოლას დაავალდებულებს, პოპულარიზაცია გაუწიონ იდეას, რომ ბავშვებს შეუძლიათ თავიანთი სქესის შეცვლა, დაუშვან კაცები გოგონების გასახდელებში და ასევე ნებას დართავს კაცებს, მონაწილეობას მიიღონ ქალთა სპორტში. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ეს?“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ტრამპის მტკიცებით, აშშ-ის პრეზიდენტობისას ქრისტიანებისთვის იბრძოდა ისე, როგორც არცერთ პრეზიდენტს არ უბრძოლია აქამდე.
„თქვენი რელიგიური თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება, მეორე შესწორება, მშობლის უფლებები წავა სამუდამოდ. მე აქ ვარ, რომ მთელ ამერიკაში ყველა ქრისტიანს მივაწოდო ერთი მარტივი გზავნილი – დროა ადგეთ და გადაარჩინოთ თქვენი ქვეყანა“, – განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპის თქმით, ის იმოქმედებს მომწამვლელი გენდერული იდეოლოგიის დასამარცხებლად და იმის კიდევ ერთხელ დასამტკიცებლად, რომ ღმერთმა ორი სქესი შექმნა – მამრობითი და მდედრობითი.
„პირველივე დღეს მე ხელს მოვაწერ აღმასრულებელ განკარგულებას, რომლითაც აიკრძალება სკოლებში კრიტიკული რასის თეორიის ან ტრანსგენდერული სიგიჟის პროპაგანდირება. მე ისტორიულ მოქმედებებს მივმართავ მომწამვლელი გენდერული იდეოლოგიის დასამარცხებლად და კიდევ ერთხელ დასამტკიცებლად, რომ ღმერთმა ორი სქესი შექმნა – მამრობითი და მდედრობითი. მე არ დავუშვებ კაცებს ქალთა სპორტში. მე ხელს მოვაწერ კანონს, რომელიც აკრძალავს ბავშვთა სქესობრივ მუტილაციას 50-ვე შტატში, ეს აღარასდროს მოხდება. ჩვენ კვლავ სიამაყით ვიტყვით, შობას გილოცავთ“, – განაცხადა ტრამპმა ჩრდილოეთ კაროლინის შტატში მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.