დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთსა და დასავლეთს შორის გაფორმებული პატიმრების გაცვლის შეთანხმება „პუტინისთვის გამარჯვებაა“
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთსა და დასავლეთს შორის გაფორმებული პატიმრების გაცვლის შეთანხმებას „პუტინის გამარჯვება“ უწოდა.
„უოლ სთრით ჯოურნალის“ ჟურნალისტ ევან გერშკოვიჩიზე საუბრისას დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში ჟურნალისტს გაცვლის გარეშეც დაიბრუნებდნენ.
„ეს ჩვენთან ერთად არ მოხდებოდა. ჩვენ მას დავიბრუნებდით. ჩვენ საფასურის გადახდა არ მოგვიწევდა. ჩვენ არ მოგვიწევდა მსოფლიოს ზოგიერთი უდიდესი მკვლელის გაშვება, რადგან, როგორც იცით, სწორედ ასე მოხდა. ეს გარიგება ძალიან კომპლექსურია, რადგან ის ახლახან გამჟღავნდა. სწორედ ამიტომ ეს შეთანხმება არავის არ ესმის და ისინი ართულებენ ამ შეთანხმებას, რათა თქვენ ვერ გააცნობიეროთ, რამდენად ცუდია ეს შეთანხმება ჩვენთვის“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა მედიასთან ინტერვიუში.
ჟურნალისტმა ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს ჰკითხა, თვლიდა თუ არა, რომ აშშ-მა რუსეთს „უფრო მეტი მისცა, ვიდრე პატიმრებია“, რაზეც დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ გასარკვევია, ფიგურირებდა თუ არა საქმეში ფულიც.
ცნობისთვის, შეთანხმების მიხედვით, რუსეთმა დასავლეთის ქვეყნებს გადასცა 16 ადამიანი, მათ შორის, ამერიკელების გარდა, არიან რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ილია იაშინი და ვლადიმირ ყარა-მურზა, ასევე რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის შტაბების ყოფილი უფროსები და უფლებადამცველი ოლეგ ორლოვი. მინსკმა გაათავისუფლა პრეზიდენტ ლუკაშენკოს მიერ შეწყალებული გერმანიის მოქალაქე რიკო კრიგერი. სანაცვლოდ, დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს გადასცეს რვა პირი, რომლებიც ნატო-ს ქვეყნებში იხდიდნენ სასჯელს. მათ შორის არის ვადიმ კრასიკოვი, რომელიც გერმანიაში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის იყო მსჯავრდებული.