დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მილუოკიში დაგეგმილი რესპუბლიკური პარტიის ეროვნული ყრილობისთვის დაწერილი ტექსტი მთლიანად შეცვალა
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მილუოკიში დაგეგმილი რესპუბლიკური პარტიის ეროვნული ყრილობისთვის დაწერილი ტექსტი მთლიანად შეცვალა

ამერიკული მედიის ცნობით, დონალდ ტრამპმა მილუოკიში დაგეგმილი რესპუბლიკური პარტიის ეროვნული ყრილობისთვის დაწერილი ტექსტი მთლიანად შეცვალა. ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა „ვაშინგტონ ექსამინერს“ უთხრა.

ექსკლუზიურ ინტერვიუში, რომელიც ტრამპმა ამერიკულ გამოცემას მისი მკვლელობის მცდელობის შემდეგ მისცა, აშშ-ის ყოფილი ლიდერი აცხადებს, რომ მან შეცვალა რესპუბლიკური პარტიის ეროვნულ ყრილობაზე გამოსვლის ტექსტი, რადგანაც სურს, ისარგებლოს ისტორიული მომენტით და ქვეყანა გააერთიანოს.

„სიტყვა, რომლის წარმოთქმასაც ხუთშაბათს ვაპირებდი, უნდა ყოფილიყო შოკის მომგვრელი. ეს რომ არ მომხდარიყო, ეს იქნებოდა ერთ-ერთი ყველაზე არაჩვეულებრივი სიტყვა, რომელიც თითქმის სრულად იქნებოდა ფოკუსირებული პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პოლიტიკაზე. გულწრფელად გეტყვით, ახლა ეს სრულიად განსხვავებული სიტყვა იქნება“, – ამბობს დონალდ ტრამპი.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მისი მკვლელობის მცდელობისას ის იმან გადაარჩინა, რომ, მხარდამჭერების ნაცვლად, ერთ მომენტში ეკრანს შეხედა.

„მე ძალიან იშვიათად ვაცილებ თვალს მხარდამჭერებს. ეს იმ მომენტში რომ არ გამეკეთებინა, ალბათ დღეს ვერ ვისაუბრებდით“, – განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.

ტრამპის განცხადებით, მილუოკიში გამოსვლისას მისი სიტყვა უპასუხებს ისტორიის მოთხოვნას.

„ეს არის შანსი, რომ ქვეყანა გავაერთიანო. მთელი მსოფლიო გავაერთიანო. მე ეს შანსი მომეცა. ეს სიტყვა იქნება ძალიან განსხვავებული იმისგან, რაც ორი დღის წინ იყო დაგეგმილი“, – თქვა ტრამპმა.

მან ასევე ისაუბრა გასროლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე. მისი თქმით, ხელი იმიტომ ასწია, ხალხს დაენახა, რომ ის კარგადაა.

„ამ მომენტში ენერგია მოდიოდა ხალხისგან. ძალიან რთული აღსაწერია, რას ვრგძნობდი იმ მომენტში, მაგრამ ვიცოდი, რომ მსოფლიო მიყურებს. ვიცოდი, რომ ისტორია განმსჯის და ვიცოდი, რომ უნდა მეჩვენებინა მხარდამჭერებისთვის, რომ კარგად ვარ“, – თქვა ტრამპმა.