დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კამალა ჰარისთან დებატებში მონაწილეობას, სავარაუდოდ, მიიღებს
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან დებატებში მონაწილეობას, სავარაუდოდ, მიიღებს.
„დიახ, ალბათ მივიღებ მონაწილეობას დებატებში“, – განაცხადა ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში, თუმცა, მისივე თქმით, იტოვებს უფლებას, უარი განაცხადოს დებატებზე.
„პასუხია – „დიახ,“ მაგრამ მე ასევე შემიძლია, მოვიშველიო არგუმენტები იმის ასახსნელად, რომ ეს გავაკეთო. თანაც, მე არ მიყვარს ყალბი ამბების წახალისება. ისინი ათეულობით მილიონი დოლარის გამომუშავებას გეგმავენ ამ დებატებით. მე არ მომწონს ABC“, – დასძინა დონალდ ტრამპმა.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპისა და ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ მიმდინარე წელს დებატები ორჯერ გაიმართებოდა. მათგან ერთ-ერთი უკვე გაიმართა ივნისში „სიენენის“ ეთერში, ხოლო მეორე 10 სექტემბერსაა ჩანიშნული ABC-ზე. როგორც მედია წერს, ამ დროისთვის დაუზუსტებელია, ისევ ჩატარდება თუ არა დებატები მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. პარალელურად, Fox News-მა შესთავაზა დებატები ტრამპსა და ჰარისს 17 სექტემბერს. ჰარისს დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას არ დაუკონკრეტებია, მიიღებს თუ არა Fox News-ის შეთავაზებას.