დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჯონ მაკკეინის მიერ ქვეყნისთვის გაწეულ სამსახურს პატივს სცემს და დროშების დაშვების განკარგულება ისევ გასცა
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჯონ მაკკეინის მიერ ქვეყნისთვის გაწეულ სამსახურს პატივს სცემს და დროშების დაშვების განკარგულება ისევ გასცა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სენატორ ჯონ მაკკეინის მიერ ქვეყნისთვის გაწეულ სამსახურს პატივს სცემს. ამის შესახებ ნათქვამია დონალდ ტრამპის განცხადებაში, რომელიც თეთრმა სახლმა გაავრცელა. განცხადებაში პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ კვლავ გასცა განკარგულება ეროვნული დროშების დაშვების შესახებ.

„პოლიტიკასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, მე პატივს ვცემ სენატორ ჯონ მაკკეინის მიერ ჩვენი ქვეყნისთვის გაწეულ სამსახურს და მის პატივსაცემად, ხელი მოვაწერე პროკლამაციას, მის დაკრძალვამდე შეერთებული შტატების დროშის დაშვების შესახებ“, – ნათქვამია ტრამპის განცხადებაში.

შეგახსენებთ, სენატორ ჯონ მაკკეინის გარდაცვალების გამო შაბათ-კვირას აშშ-ის სახელმწიფო უწყებებზე ეროვნული დროშები დაუშვეს, თუმცა ორშაბათს დროშები კვლავ აღმართეს, რასაც დონალდ ტრამპის მისამართით კრიტიკა მოჰყვა.

ამას გარდა, დონალდ ტრამპის განცხადებით, მან ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს სთხოვა, პარასკევს, 31 აგვისტოს სიტყვით გამოვიდეს კაპიტოლიუმში​​ სენატორ მაკკეინის ხსოვნისადმი მიძღვნილ სამგლოვიარო ღონისძიებაზე. პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მაკკეინის ოჯახის თხოვნით, უზრუნველყოფს სენატორის ცხედრის სამხედრო პატივით გადასვენებას არიზონიდან ვაშინგტონში. მისი განკარგულებით, დაკრძალვის ცერემონიაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციას გენერალი ჯონ კელი, თავდაცვის მდივანი ჯეიმს მეტისი და პრეზიდენტის მრჩეველი ჯონ ბოლტონი წარმოადგენენ.

დღეს გამოცემა Washington Post-მა ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლს სენატორ მაკკეინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მომზადებული ოფიციალური განცხადება არ გაავრცელებინა.

ამერიკული გამოცემის თანახმად, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სენატორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება მოამზადა, რომელშიც მაკკეინი გმირად იყო შეფასებული. თუმცა, თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნული განცხადების გავრცელება ადმინისტრაციას აუკრძალა.

ჯონ მაკკეინი 25 აგვისტოს 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. The New York Times-ის ცნობით, გარდაცვალებამდე ამერიკელმა სენატორმა საკუთარი დაკრძალვის ცერემონია დაგეგმა, სადაც სტუმრების სიაში დონალდ ტრამპი არ მოხვდა.