დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენის მიერ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად კამალა ჰარისის დასახელებით გაკვირვებული იყო
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ის გაკვირვებული იყო დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის ჯო ბაიდენის მიერ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად სენატორი კამალა ჰარისის დასახელებით. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, დემოკრატიული პარტიის პრაიმერის დროს კამალა ჰარისი ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის მიმართ უპატივცემულობას იჩენდა.
„ის დიდ უპატივცემულობას იჩენდა ჯო ბაიდენის მიმართ. რთულია აირჩიო ვინმე, ვინც ასეთი უპატივცემულოა. დემოკრატიული პარტიის პრაიმერის დროს დებატებისას ის საშინელებებს ამბობდა „მძინარა ჯოს“ შესახებ. მე ვფიქრობდი, ის მას არ აირჩევდა“, – აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა კამალა ჰარისს „საძაგელი“ უწოდა.
აშშ-ის დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად კალიფორნიის შტატის სენატორი, ფერადკანიანი კამალა ჰარისი დაასახელა. ჰარისი ასევე იყრიდა კენჭს პრეზიდენტის პოსტზე, თუმცა წინასაარჩევნო რბოლას დეკემბერში გამოეთიშა.