დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ის და რეჯეფ თაიფ ერდოღანი კარგი მეგობრები არიან
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ის და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი კარგი მეგობრები არიან. ეს განცხადება აშშ-ის ლიდერმა თეთრი სახლის ოვალურ ოფისში რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის დაწყებისას გააკეთა.
„ჩვენ ძალიან დიდი ხნის მეგობრები ვართ, თითქმის პირველი დღიდან. ჩვენ გვესმის ერთმანეთის ქვეყნების, გვესმის, საიდან მოვდივართ. მათ (თურქეთის პრეზიდენტს და მის მეუღლეს) ძალიან დიდ პატივს სცემენ მათ ქვეყანასა და რეგიონში“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა, რომელმაც აღნიშნა, რომ მისთვის პატივია რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და მისი მეუღლის მასპინძლობა თეთრ სახლში.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სირიელ ქურთებსა და თურქეთის ხელისუფლებას შორის აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება კარგად სრულდება.
დონალდ ტრამპმა ასევე თურქეთთან სავაჭრო ურთიერთობებზეც ისაუბრა. მისი თქმით, შეხვედრაზე განხილული იქნება ანკარას მიერ რუსეთისგან ეს-400-ის ტიპის სარაკეტო სისტემების შეძენისა და თურქეთის ეფ-35-ის გამანადგურებლების პროგრამიდან გარიცხვის საკითხი.