დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ბარაკ ობამას ნობელის პრემია დაუმსახურებლად მიანიჭეს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ბარაკ ობამას ნობელის პრემია დაუმსახურებლად მიანიჭეს.
ამის შესახებ მან ნევადას შტატში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
„ჩვენ ამ თვეში ახლო აღმოსავლეთში ორ ისტორიულ სამშვიდობო შეთანხმებას მივაღწიეთ. 75 წლის განმავლობაში მათ ორ ასეთ შეთანხმებას მიაღწიეს, ჩვენ ერთ თვეში ორი გავაფორმეთ და ახლა სხვა ქვეყნებიც გამოდიან ამ ინიციატივით – არაბთა გაერთიანებული საამირო და ბაჰრეინი, ორივე თანახმაა ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე. არავის ეგონა, რომ ეს შესაძლებელი იყო. ეს ალბათ არც გაგიგიათ, რადგან ამას არ აშუქებენ. თქვენი პრეზიდენტი გასულ კვირას ორჯერ წარადგინეს ნობელზე, მაგრამ „ფეიკნიუს“ მედიამ ეს არ გააშუქა.
გახსოვთ, როდესაც თქვენმა დიდებულმა პრეზიდენტმა, ბარაკ ჰუსეინ ობამამ მიიღო ნობელი, მას ჰკითხეს, თუ რატომ გადასცეს ეს პრემია და მან კითხვას ვერ უპასუხა. ის ახალი არჩეული იყო და მაშინვე ნობელზე წარადგინეს. შემდეგ ბაიდენმა იკითხა – „კი მაგრამ, მე?“ მათ კი უპასუხეს – ეს საერთოდ ვინ არის, რა გაუკეთებიაო? ობამამ ნობელის პრემია ყველანაირი მიზეზის გარეშე მიიღო“, – განაცხადა ტრამპმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ბარაკ ობამას მშვიდობის დარგში ნობელის პრემია 2009 წელს მიანიჭეს.