დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ალასკაში ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ენერგეტიკული პროექტის, „ალასკის თხევადი ბუნებრივი აირის პროექტის“ განხორციელება დაიწყო

21:33, 14.10.2026

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ალასკაში ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ენერგეტიკული ინფრასტრუქტურული პროექტის -„ალასკის თხევადი ბუნებრივი აირის პროექტის“ (Alaska LNG Project) – განხორციელება დაიწყო. ამის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, კორეის რესპუბლიკის მხრიდან განხორციელებული 50 მილიარდი დოლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული ინვესტიცია ტრამპის მონაწილეობით მიღწეული სავაჭრო და საინვესტიციო შეთანხმების ნაწილია.

„ასევე, დღეს ვაცხადებ, რომ ჩემმა ვაჭრობის მდივანმა, ჰოვარდ ლუტნიკმა, ტაივანისგან „ალასკის თხევადი ბუნებრივი აირის პროექტისთვის“ (Alaska LNG Project) 70-დან 80 მილიარდ დოლარამდე ღირებულების პროდუქციის შესყიდვის ვალდებულება უზრუნველყო. ეს მომდევნო 20 წლის განმავლობაში მილსადენის გამტარუნარიანობის 30 პროცენტს შეადგენს. ეს ისტორიაში პროდუქციის შესყიდვის ყველაზე დიდი მოცულობის შეთანხმებაა. ამასთან, ტაივანი დათანხმდა პროექტში 4,4 მილიარდი დოლარის კაპიტალის სახით ინვესტირებასაც, რადგან ეს პროექტი ახლა აშშ-ის ფედერალური მთავრობის პროექტია. მიღებულია ყველა საჭირო ნებართვა და გაცემულია ყველა აუცილებელი ავტორიზაცია – პროექტი მზად არის განსახორციელებლად“, – წერს ტრამპი.

მისივე თქმით, ეს ალასკის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური პროექტია და მსგავსი რამ მხოლოდ მისი თეთრ სახლში ყოფნის პირობებში ხდება.

მსგავსი