დონალდ ტრამპი ბალტიის ქვეყნების ლიდერებს 3 აპრილს, ვაშინგტონში უმასპინძლებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ესტონური, ლიტვური და ლატვიური მედია ავრცელებს.
როგორც ლიტვის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის ლიდერები აშშ-ის პრეზიდენტთან აქტუალურ რეგიონულ საკითხებსა და ტრანსტლანტიკურ თანამშრომლობას განიხილავენ. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა თავდაცვის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებას.
დალია გრიბაუსკაიტეს ადმინისტრაციის ცნობით, საუბარი შეეხება ნატოს-ს რეფორმირებასა და აღმოსავლეთის ფლანგის გაძლიერებას.
ესტონეთის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, ბალტიის ქვეყნებისა და აშშ-ს პრეზიდენტების შეხვედრა ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით გაიმართება.
„ჩვენი დამოუკიდებლობის ასი წლისთავის ფარგლებში დაგეგმილი ეს შეხვედრა კიდევ ერთხელ ადასტურებს ბალტიის ქვეყნებისა და აშშ-ის განსაკუთრებულ კავშირებსა და თანამშრომლობას“, – განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტის კერსტი კალიულაიდის მრჩეველმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ლაური კუუსინგმა.