დომინიკის რესპუბლიკიდან იტალიაში მიმავალი სამგზავრო თვითმფრინავი ესპანეთში ავარიულად დაეშვა
ბორტზე მომხდარი ინციდენტის გამო, დომინიკის რესპუბლიკიდან იტალიის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო თვითმფრინავი ესპანეთში ავარიულად დაეშვა. ამის შესახებ ესპანური მედია იუწყება.
როგორც ცნობილია, ავიაკომპაია Blue Panorama-ის ბორტზე მყოფი ერთ-ერთი მგზავრი შეუძლოდ გახდა. რის გამოც საფრენი აპარატის კაპიტანმა ესპანეთის ქალაქ სანტიაგო-დე-კომპოსტელაში ავარიულად დაშვების გადაწყვეტილება მიიღო.
მოგვიანებით, გაირკვა, რომ ბორტზე მყოფი მგზავრის შეუძლოდ გახდომის მიზეზი მუცლის ღრუში კოკაინის პაკეტის გახეთქვა გახდა. 23 წლის გოგონამ ნარკოტიკული ნივთიერებით სავსე პაკეტები დომინიკების რესპუბლიკაში გადაყლაპა, რათა ევროპაში უკანონოდ შეეტანა.
ესპანური საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, თვითმფრინავის დაშვების შემდეგ 23 წლის გოგონა უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს და ოპერაცია ჩაუტარეს, რის შემდეგადაც აღმოჩნდა, რომ მას დაახლოებით ერთი კილოგრამის ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერება გადაჰქონდა.
კოკაინი 56 პატარა პაკეტში იყო გადანაწილებული და თითოეული მათგანი 15 გრამს იწონიდა.