დომინიკ რააბი - გაერთიანებული სამეფო მხარს დაუჭერს ღია კარის პოლიტიკას, როგორც ნატო-ში გაწევრიანების გზას საქართველოსთვის
ნატო-ს მინისტერიალის შეხვედრაზე გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივანი დომინიკ რააბი მხარს დაუჭერს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას, რომელიც ხსნის გზას ნატო-ს წევრობისკენ, მათ შორის, რუსული აგრესიის წინაშე მდგარი ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა უკრაინა და საქართველო, – ამის შესახებ ინფორმაცია გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
როგორც დომინიკ რააბმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, ეს შეხვედრა მნიშვნელოვან შესაძლებლობას აძლევს მოკავშირეებს, ერთად დასხდნენ და განიხილონ, რა ღირებულება აქვს ალიანსს დღევანდელ სამყაროში, სადაც დემოკრატიული ქვეყნები ავტორიტარული სახელმწიფოების თუ არასახელმწიფო აქტორებისგან მომდინარე საფრთხეების წინაშე დგანან.
„გაერთიანებული სამეფო, როგორც თავდაცვისა და დიპლომატიის კუთხით უდიდესი პოტენციალის მქონე წამყვანი სახელმწიფო, სრულად უჭერს მხარს ნატო-ს, რომელიც წარმოადგენს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების მძლავრ შემაკავებელ მექანიზმს და ასევე მტკიცე და ერთიან პოლიტიკურ ბასტიონს მოსკოვის მადესტაბილიზებელი ქმედებებისგან თავდასაცავად“, – ნათქვამია პრესრელიზში, რომელიც გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.