დომინიკ ჰასლერი - ლიხტენშტაინი გმობს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას, მნიშვნელოვანია სამართლის საფუძველზე მოქმედება, განსაკუთრებით დიდი მადლობა საქართველოს, მრავალ რეზოლუციაზე ერთობლივად ვმუშაობთ
ლიხტენშტაინი გმობს რუსულ აგრესიას დამოუკიდებელი უკრაინის წინააღმდეგ. მხარს ვუჭერთ უკრაინელ მეგობრებს და ყველაფერს ვაკეთებთ საერთაშორისო სამართლებრივი პრინციპების პირუთვნელად დასაცავად, – ამის შესახებ ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ ჰასლერმა ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, დემოკრატიის პრინციპების დარღვევა დაუშვებელია. ამასთან, დომინიკ ჰასლერის განმარტებით, მნიშვნელოვანია სამართლის საფუძველზე მოქმედებების განხორციელება. დომინიკ ჰასლერმა ამ კუთხით მადლობა გადაუხადა საქართველოს და აღნიშნა, რომ მრავალ რეზოლუციაზე ერთობლივად მუშაობენ.
„ჩვენ ვახსენეთ ცალკეული გლობალური გამოწვევები, რომლებიც ეხება ჩვენს დღევანდელ სამყაროს და, რა თქმა უნდა, რუსეთის აგრესული ომი უკრაინის წინააღმდეგ იყო ჩვენი საუბრის შემადგენელი ნაწილი. ლიხტენშტაინი გმობს რუსულ აგრესიას დამოუკიდებელი უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს და ყველაფერს ვაკეთებთ საერთაშორისო სამართლებრივი პრინციპების პირუთვნელად დასაცავად. დაუშვებელია კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის პრინციპების დარღვევა. ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია გუშინ და დღეს. ჩვენ ყველა დამოკიდებული ვართ იმაზე, რომ საერთაშორისო სამართალი არ არსებობდეს მხოლოდ ქაღალდზე. მნიშვნელოვანია ძალიან ძლიერი საერთაშორისო წესრიგი და სამართლის საფუძველზე მოქმედებების განხორციელება. ვფიქრობ, ჩვენ ვმუშაობთ ყველა საერთაშორისო ფორუმზე ერთად, განსაკუთრებით დიდი მადლობა საქართველოს. მაგალითად, ვეტო-ინიციატივის განხორციელება გაერო-ში და მრავალი სხვა რეზოლუცია, რომლებსაც ერთობლივად ვამუშავებთ და ვნერგავთ. დიდი მადლობა ასევე იმისთვის, რომ საქართველო არის აქტიური და კონსტრუქციული პარტნიორი“, – განაცხადა დომინიკ ჰასლერმა.