„დოიჩე ველე" - ვენესუელიდან ბულგარეთში ათეულობით მილიონი გადარიცხეს
ვენესუელიდან ბულგარეთში ათეულობით მილიონი გადარიცხეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე” ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ხელისუფლება ეჭვობს, რომ საქმე ფულის გათეთრებას ეხება. ინფორმაცია საეჭვო გადარიცხვების შესახებ ბულგარეთის მთავრობას აშშ-ის სპეცსამსახურებმა მიაწოდეს. როგორც ბულგარეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა დიმიტარ გეორგიევმა განაცხადა, მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი ბოიკო ბორისოვიც.
განცხადება გააკეთა ბულგარეთის გენერალურმა პროკურორმაც. სოტირა ცაცაროვას თქმით, დიდი ოდენობით ფული ერთ-ერთ ბანკში ვენესუელის სახელმწიფო ნავთობკომპანიის ანგარიშებიდან გადარიცხეს. ამჟამად ბულგარეთის ყველა ბანკში სამართალდამცველები არიან შესულები და ფულის გათეთრების შესაძლო შემთხვევებს სწავლობენ.
როგორც პროკურატურაში აცხადებენ, საქმეში ფიგურირებს ადვოკატი, რომლის ანგარიშებზე ჩარიცხული თანხა სხვადასხვა ქვეყანაში ირიცხებოდა. ამასთან, გადარიცხვა სავარაუდოდ, ფიქტიური მიზნებით ხდებოდა.