ევროპაში ქართულ ღვინოზე მოთხოვნა გაიზარდა. ამ სათაურით სტატიას გერმანული „დოიჩე ველე“ აქვეყნებს.
როგორც გამოცემის ჟურნალისტები აცხადებენ, გერმანიასა და ავსტრიაში ღვინის მაღაზიებში თავისუფლად შეიძლება იმ ქართული ღვინის ყიდვა, რომელიც „როსპოტრებნადზორის“ ე.წ. შავ სიაში მოხვდა.
„ქართული ღვინის ხარისხთან პრობლემა არ გვაქვს და მთავრობასაც, რომელიც იმპორტს აკონტროლებს, პრობლემა არ აქვს“, – განაცხადა „დოიჩე ველესთან“ საუბარში ჰამბურგში მდებარე ინტერნეტ მაღაზია „გეოვინოს“ მფლობელმა, ანდრე ჰაინმა.
ანალოგიურ შეფასებას აკეთებს გამოცემასთან საუბრისას ქართული ღვინის იმპორტიორი კომპანიის ხელმძღვანელი ლიუბენ ლინგოროვა. მისი თქმით, საბაჟოზე ქართულ ღვინოს ლაბორატორიულად ამოწმებენ და ღვინის ხარისხი სტაბილურად მაღალია.
„დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში ასეთივე განცხადება გააკეთეს ქართული ღვინის მაღაზიის მფლობელებმა ვენასა და ბერლინშიც. მათი თქმით, „საქართველოში არის უმაღლესი ხარისხის ღვინო, თუმცა ცალკეულ მწარმოებლებთან, შესაძლოა, იყოს პრობლემები“.
„დოიჩე ველესთან“ საუბარში ევროპელი მეღვინეები აღნიშნავენ, რომ „როსპოტრებნადზორის“ მიერ ქართული ღვინის შესახებ გაკეთებული განცხადებები „პოლიტიკურად მოტივირებულია“. მათივე თქმით, ევროპაში ბოლო პერიოდში ქართულ ღვინოზე მოთხოვა გაიზარდა, რაც სპეციალისტების აზრით, საქართველოში ტურისტული ნაკადის ზრდასთანაა დაკავშირებული.
ღვინის მაღაზიების მფლობელთა თქმით, მათ უკვე მიიღეს შეკვეთები ბენილუქისის ქვეყნებიდან, ასევე ავსტრიიდან, იტალიიდან და შვეიცარიიდანაც.