„დოიჩე ველე“ - ევროპაში გაზის ფასი უკრაინაში ომის დაწყებიდან მინიმუმამდე დაეცა
ევროპაში გაზის ფასი უკრაინაში ომის დაწყებიდან მინიმუმამდე დაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. კერძოდ, სამშაბათს ნიდერლანდების ბირჟაზე, ევროპის უმსხვილეს ჰაბზე მეგავატსაათი აირის ფასი 77 ევროს ჩამოსცდა (820 ევრო ერთი ათასი კუბური მეტრისთვის). ეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
გერმანიის ქსელების ფედერალური სააგენტოს ცნობით, ბუნებრივი აირის ფასის შემცირების მიზეზებს შორის შედარებით თბილი ამინდია, რის გამოც შემცირდა გაზის მოხმარება, ასევე ერთ-ერთ მიზეზად ქარის ელექტროსადგურებით ენერგიის დიდი რაოდენობით გამომუშავება სახელდება.
როგორც „დოიჩე ველე“ აღნიშნავს, უკრაინაში ომის დაწყებამდე ორი დღით ადრე, 22 თებერვალს მეგავატსაათი გაზის ღირებულება 79.9 ევროს შეადგენდა. 24 თებერვალს ეს მაჩვენებელი 128 ევრომდე გაიზარდა, აგვისტოს ბოლოს კი მაქსიმუმს მიაღწია და 350 ევრო შეადგინა. მკვეთრი გაძვირების მიზეზებს შორის რუსეთისთვის სანქციების დაწესება, მოსკოვის მხრიდან გაზის მიწოდების შეფერხება და გაზის მარაგების შევსება სახელდებოდა.