„დოიჩე ველე“ - ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის საზღვარზე პოლიციელებისა და სამხედროების მობილიზება დაიწყო
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ საზღვარზე პოლიციელთა რეზერვებისა და სამხედროების მობილიზება დაიწყო მას შემდეგ, რაც ავტომობილი ქვეითებს გამიზნულად დაეჯახა, რის შედეგადაც გუშინ თელ-ავივში დაიღუპა 36 წლის ტურისტი და დაშავდა ხუთი პირი. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, გარდაცვლილი იტალიის მოქალაქეა.
„დოიჩე ველეს“ ცნობით, მომხდარი ისრაელმა ტერორისტულ აქტად შეაფასა, ლიკვიდირებულია ავტომობილის მძღოლი.
ასევე, პარასკევს სროლის შედეგად მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე 16 და 20 წლის დები დაიღუპნენ. მძიმედ არის დაჭრილი მათი დედა.
ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ისრაელის პოლიციამ ოთხშაბათს ალ-აქსას მეჩეთთან რეიდების სერია განახორციელა და ასობით პირი დააკავა. ამის შემდეგ ლიბანისა და ღაზას ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს, თუმცა არავინ დაშავებულა. ეს ბოლო 17 წელიწადში ლიბანიდან განხორციელებული ყველაზე მასშტაბური თავდასხმა იყო. რაკეტები საჰაერო თავდაცვის სისტემა „რკინის ფარმა“ გააუვნებელყო. ისრაელმა პასუხისმგებლობა „ჰეზბოლას“ დააკისრა და საპასუხოდ საავიაციო იერიში მიიტანა მათ პოზიციებზე.