დოდო შონავა - საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს მე გადავამზადებ, მაქვს ამის კვალიფიკაცია
საზოგადოებრივი მაუწყებელი არასწორად და არაკვალიფიციურად იმართება, ასევე არაეფექტურად იხარჯება ფინანსები, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის ხელმძღვანელის კონსულტანტმა, დოდო შონავამ განაცხადა.
შონავას თქმით, მაუწყებლის მიმართ აქვს ის პრეტენზია, რაც თანამშრომელთა დიდ ნაწილს.
„პირადად ჩემი პრეტენზია არ გამაჩნია, მე გამაჩნია პრეტენზია, რომელიც აქვს ჩვენი თანამშრომლების ძალიან დიდ ნაწილს და მაქვს პრეტენზია იმაზე, რომ არასწორად, არაკვალიფიციურად და არაეფექტურად იმართება საზოგადოებრივი მაუწყებელი, არაეფექტურად იხარჯება ფინანსები, არაეფექტური მართვაა ადამიანური რესურსების. მარტო იმის აღნიშვნა რად ღირს, რომ წელიწადზე მეტია, ჩვენს ორგანიზაციას არ ჰყავს ადამიანური რესურსების მართვის ხელმძღვანელი, არ გვყავს მარკეტინგის ხელმძღვანელი, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ხელმძღვანელობას არ ესმის მართვის ძირითადი პრინციპები“, – განაცხადა დოდო შონავამ.
კითხვაზე, რა არ მოსწონს და რა არ კეთდება იმ ბლოკში, სადაც თავად მუშაობს, დოდო შონავა ამბობს, რომ საკუთარ პრეტენზიებს დაწვრილებით გაწერს.
„ჩემს მიმართულებაში რა არ კეთდება? არ მგონია, რომ ახლა ამ კითხვაზე პასუხის გაცემის დრო არის. დაწვრილებით დავწერ რა არ მომწონს, რა პრეტენზიები მაქვს. მე პრეტენზია მაქვს, რომ ნდობა აღარ გვაქვს საზოგადოებაში და რეიტინგიც განახევრდა. ეს არის ჩემი ორი ძირითადი პრეტენზია. ამას ჩავშლი მოგვიანებით და გეტყვით რატომ მიმაჩნია, რომ ამაში არაეფექტური და არაკვალიფიციური მართვის მიზეზებია“, – განაცხადა დოდო შონავამ.
კითხვაზე, რა რეგალია აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელში, დოდო შონავა პასუხობს – „ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის ხელმძღვანელის კონსულტანტი ვარ, ბრჭყალებში“.
ამასთან, დოდო შონავა აღნიშნავს, რომ „მოამბის“ მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირების პრესკონფერენცია „საბჭოეთის საუკეთესო ტრადიციებში იყო გაშუქებული“.
„თუნდაც ჩვენი აქციის გაშუქების გუშინდელი მაგალითი. მიმაჩნია, რომ გუშინდელი აქცია საბჭოეთის საუკეთესო ტრადიციებში იყო გაშუქებული, როდესაც „მოამბემ“ 46-ე წუთზე ჯერ ის აქცია აჩვენა, რომელსაც „ილია მართლის ორგანიზაციის“ წარმომადგენლები მართავდნენ გუშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ საკუთარი მოთხოვნებით და შემდეგ წამყვანმა თქვა, რომ ამავე დროს პროფკავშირები მართავდა პრესკონფერენციას საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში. ეს არის მოდელირება, ეს არის „კაგებეს“ მეთოდებით დამონტაჟებული სიუჟეტი და ეს არის ბმა, რომელიც აბსოლუტურად არარეალურია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ერთი და ძალიან თვალსაჩინო მაგალითი. აგრეთვე, გადასვლებთან დაკავშირებით, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ორ აბსოლუტურად განსხვავებულ ფაქტს და კიდევ ერთი – გენერალურ დირექტორს შევთავაზე მედია საწვრთნელი ცენტრის გახსნა, რადგან მიმაჩნია, რომ სწორედ ახალ და მიმდინარე ამბებში მომუშავე ადამიანებმა უნდა იცოდნენ თანამედროვე ტრენდები და ერკვეოდნენ, რას ნიშნავს თანამედროვე ჟურნალისტიკა, განსაკუთრებით უკომენტარო და ობიექტური ახალი ამბების შექმნა“ – განაცხადა შონავამ.
კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები ვერ აკმაყოფილებენ კრიტერიუმებს, დოდო შონავა აცხადებს: „არა, ვფიქრობ, რომ პირველ რიგში, ის ადამიანები, ვინც გეგმავენ, პროდუსინგს უწევენ და შემდეგ, რა თქმა უნდა, ჟურნალისტებიც, რომლებიც არ არიან გათვითცნობიერებული საკუთარ პროფესიულ ღირსებებში, უფლებებში და მოვალეობებში და შემდეგ ასრულებენ ამ დავალებებს“.
კითხვაზე, ვინ უნდა გადაამზადოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები, დოდო შონავა აღნიშნავს: „მე გადაგამზადებთ, მაქვს ამის კვალიფიკაცია“.
პირველი არხის ჟურნალისტების გადამზადების საკითხთან დაკავშირებით პირველი არხის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის ხელმძღვანელი გიორგი გვიმრაძე პასუხობს.
როგორც გვიმრაძე აცხადებს, დოდო შონავას განცხადებას მიიღებს, როგორც კონსულტანტის კონსულტაციას.
„მე ამას მივიღებ როგორც ჩემი კონსულტანტისგან კონსულტაციას. ამის შესახებ ვიფიქრებ. აღმასრულებელ საბჭოზე გავიტან ამ საკითხს სამსჯელოდ და შესაბამისად იქნება მიღებული გადაწყვეტილება. თუ ჩემი კონსულტანტი მიიჩნევს, რომ არის გარკვეული ხარვეზი, ამას დასაბუთება დასჭირდება. ცხადია, მან ეს უნდა დაასაბუთოს. ამ დასაბუთების საფუძველზე ვიმსჯელებთ. მის კონსულტაციას გავითვალისწინებთ ან არ გავითვალისწინებთ”, – განაცხადა გიორგი გვიმრაძემ.