დმიტრო კულებას განცხადებით, კიევში დარწმუნებული არიან, რომ ბერლინისგან ტანკ „ლეოპარდებს” მიიღებენ
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის ხარკოვში ვიზიტის შემდეგ კიევში დარწმუნებული არიან, რომ ბერლინისგან ტანკ „ლეოპარდებს” აუცილებლად მიიღებენ. ამის შესახებ განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ თავის გერმანელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო გერმანიის მთავრობას ბოლო 11 თვის განმავლობაში მიღებული გადაწყვეტილებების გამო, რაც ეხებოდა უკრაინისთვის საჭირო იარაღის მიწოდებას. ანალენამ დიდი როლი ითამაშა ამ გადაწყვეტილებების დამტკიცებაში და მისი მადლობელი ვარ. დარჩა ბოლო დიდი გადაწყვეტილება – უკრაინისთვის ტანკების მიწოდება”, – განაცხადა კულებამ.
თავის მხრივ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ომი უკრაინაში მაშინ დასრულდება, როდესაც ყველა რუსი ჯარისკაცი დატოვებს უკრაინას და შეწყდება სარაკეტო დარტყმები.
„ეს ომი მხოლოდ მაშინ შეიძლება, დასრულდეს, როდესაც რუსი ჯარისკაცები სრულად დატოვებენ უკრაინას, როდესაც აღარ იქნება სარაკეტო დარტყმებისა და დრონებით თავდასხმების საფრთხე, როდესაც ჩვენ კვლავაც შევძლებთ ერთად მშვიდობიანად ცხოვრებას ევროპაში”, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი 10 იანვარს ხარკოვში ჩავიდა. ის პირველი გერმანელი პოლიტიკოსია, რომელიც ომის დაწყების შემდეგ უკრაინის აღმოსავლეთში ჩავიდა. მან ხარკოვს „რუსეთის ომის აგრესიისა და ამავე დროს უკრაინელების მედეგობისა და იმედის სიმბოლო” უწოდა.