დმიტრო კულებამ ევროკავშირს უკრაინის სამხედრო დახმარების გაზრდისა და მიწოდების დროის შემცირებისკენ მოუწოდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ევროკავშირს უკრაინის სამხედრო დახმარების გაზრდისა და მიწოდების დროის შემცირებისკენ მოუწოდა, – ეს განცხადება კულებამ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოსადმი მიმართვისას გააკეთა.
ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების დაწყებასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტის შესახებ.
კულებამ მადლობა გადაუხადა ევროკავშირს იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებისთვის.
„ევროკომისიის პოზიტიური რეკომენდაციის წყალობით, უკრაინელებმა იგრძნეს, რომ ჩვენი ბრძოლა არ იყო უშედეგო, რომ ჩვენი ძალისხმევა იყო აღიარებული. ჩვენ ვიმედოვნებთ თქვენი ლიდერების ერთსულოვან მხარდაჭერას დეკემბერში, როდესაც ევროპის საბჭო შეიკრიბება, რათა გადაწყვიტოს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება“, – აღნიშნა დმიტრო კულებამ.