დმიტრო კულება - ყველაზე ძლიერი გარანტია, რომ ევროპაში ომი აღარ იქნება, არის უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება, ნატო-ს წევრობას ვერაფერი ჩაანაცვლებს
უსაფრთხოების გარანტიები ვერ ჩაანაცვლებს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.
კულებას თქმით, უკრაინა თანახმა იქნება თავდაცვის ნებისმიერ მოდელზე, რომელიც არ იქნება მისი ნატო-ს წევრობის ალტერნატივა.
„ჩვენ არ გვჭირდება მეორე ბუდაპეშტის მემორანდუმი, როდესაც ბირთვული იარაღი დავთმეთ ცარიელი დაპირებების სანაცვლოდ. ჩვენ არ დავთმობთ ნატო-ს წევრობას რაიმე დაპირებისთვის, რადგან ყველას ესმის და პარტნიორებს ესმით: ყველაზე ძლიერი გარანტია, რომ ევროპაში ომი აღარ იქნება, ეს არის უკრაინის გაწევრიანება ალიანსში. უსაფრთხოების ყველა სხვა გარანტია კარგია, მაგრამ ნატო-ს წევრობას ვერაფერი ჩაანაცვლებს. ეს არის პრეზიდენტის პრინციპული პოზიცია“, – განაცხადა კულებამ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, ვილნიუსის სამიტის შემდეგ უკრაინის გზა ალიანსისკენ უფრო მოკლე გახდა, თუმცა არა სწრაფი.
„ჩვენ არ გვჭირდება არანაირი გეგმა ბ, ჩვენ ეს უკვე ვითამაშეთ უკრაინის ისტორიაში მრავალი წლის წინ. ჩვენ გვჭირდება ნატო-ში გაწევრიანება. უკრაინის გაწევრიანება ნატო-ში გააძლიერებს თავად ალიანსს, გახდის ჩვენს ქვეყანას უფრო უსაფრთხოს და, რაც მთავარია, ეს თავიდან აიცილებს ახალ აგრესიას ევროპაში“, — აღნიშნა კულებამ.
კულებას თქმით, ჯერჯერობით ვერავინ იტყვის, როდის დასრულდება ომი, თუმცა ყველამ უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს ამის შესახებ. „ყველამ უნდა დაუსვას საკუთარ თავს ყოველდღე კითხვა: კიდევ რა ვქნა, რომ ომი დასრულდეს? რა შეიძლება გავაკეთო, რომ უკრაინამ რაც შეიძლება მალე გაიმარჯვოს? ამ მხრივ სამიტი არის და იქნება წარმატებული“, – აღნიშნა დმიტრო კულებამ.