დმიტრო კულება - უკრაინისთვის ახალი შეიარაღების გადაცემის შესახებ განცხადებები აჩვენებს, რომ მოკავშირეების მხრიდან იარაღთან დაკავშირებული ტაბუ წარსულს ჩაბარდა
საფრანგეთის, გერმანიისა და აშშ-ის მიერ უკრაინისთვის ახალი შეიარაღების გადაცემის შესახებ განცხადებები აჩვენებს, რომ მოკავშირეების მხრიდან იარაღთან დაკავშირებული ტაბუ წარსულს ჩაბარდა, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.
მინისტრის თქმით, 2023 წელს უკრაინა მიიღებს მოკავშირეებისგან იარაღს, რომლის მიღებაც გასულ წელს ვერ შეძლო.
„2023 წლის პირველივე კვირა ამას ადასტურებს. ტანკები და ჯავშანმანქანები საფრანგეთისგან, ჯავშანტრანსპორტიორები – Bradley და Marder-ი აშშ-ისა და გერმანიისგან, დამატებითი გერმანული ბატარეა Patriot-ი, საბრძოლო მასალები და მრავალი სხვა. ასევე, დაელოდეთ ახალი ამერიკული პაკეტის გამოცხადებას“, – აღნიშნა კულებამ.
უკრაინელი დიპლომატის თქმით, პრეზიდენტ ზელენსკის მიმდინარე კვირას აქვს „ნამდვილი დიპლომატიური მარათონი“. ის ყოველდღიურად მოლაპარაკებებს მართავს 3-4 ლიდერთან და ზოგჯერ იარაღის მიწოდების თაობაზე გადაწყვეტილებების მიღება პირდაპირ საუბრის დროს ხდება.
„უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და უკრაინის თავდაცვის ძალების შეუპოვარი მუშაობისა და გმირობის მეშვეობით, პრეზიდენტის დიპლომატიურმა გუნდმა შეძლო, დაერწმუნებინა მოკავშირეები, რომ იარაღზე ტაბუს დრო წარსულს ჩაბარდა. ჩვენ გადამწყვეტ ფაზაში შევდივართ. მიზანი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი – უკრაინის გამარჯვება. მხოლოდ ასე არის შესაძლებელი მტკიცე და სამართლიანი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ევროპაში“, – წერს კულება.
5 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის სატელეფონო საუბრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ აშშ და გერმანია უკრაინას ქვეითთა საბრძოლო მანქანებს – „ბრედლის“ და „მარდერს“ გადასცემენ. ბერლინი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ასევე გადასცემს საზენიტო კომპლექს „პეტრიოტის“ კიდევ ერთ ბატარეას. მანამდე, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინას AMX-10 RC ტიპის ტანკებს გადასცემს.