დმიტრო კულება - დეესკალაციაზე საუბარი ნიშნავს რუსული სამხედრო ძალების მდგრად გაყვანას უკრაინის საზღვრიდან და დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან
უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე დათმობა არ მოხდება, ეს ნიშნავს, რომ დონბასი და ყირიმი უკრაინაა, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, დეესკალაციაზე საუბარი ნიშნავს რუსული სამხედრო ძალების მდგრად გაყვანას უკრაინის საზღვრიდან და დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან.
„უკრაინისთვის ერთ-ერთი წითელი ხაზი, რომელთან დაკავშირებითაც შემიძლია, გავაკეთო კომენტარი, არის ის, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე დათმობა არ მოხდება, ეს ნიშნავს, რომ დონბასი და ყირიმი უკრაინაა.
მეორე – არ იქნება დიალოგი ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებთან. როდესაც ვსაუბრობთ დეესკალაციაზე, ეს ნიშნავს რუსული სამხედრო ძალების მდგრად გაყვანას უკრაინის საზღვრიდან და დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან. სამხედროების ერთჯერადად გაყვანა არ ნიშნავს დეესკალაციას. ჩვენ უნდა ვიხილოთ, რომ ყველაფერი, რაც მობილიზებული იყო ჩვენს საზღვრებთან გასული წლიდან, იქნება გაყვანილი. ეს იქნებოდა ვითარების განმუხტვის მკაფიო ნიშანი“, – განაცხადა კულებამ.