დმიტრო კულება - საუკეთესო, რისი გაკეთებაც უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში კონფლიქტების დასასრულებლად ევროკავშირს შეუძლია, ევროკავშირთან ამ ქვეყნების რაც შეიძლება სწრაფად დაახლოებაა
რაც უფრო ძლიერები და მდგრადები ვხდებით ევროკავშირთან ერთად, მით უფრო მეტი მოტივაცია ექნება დნესტრიპირეთში, ან საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფ ხალხს, გაერთიანდნენ დანარჩენ ქვეყანასთან, როდესაც დაინახავენ ჩვენი პროევროპული მთავრობების პროგრესსა და მიღწევებს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ბრიუსელში, კონრად ადენაუერის ფონდის ვებინარზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„სამივე ქვეყანა იზიარებს საერთო პრობლემას, რაც უკავშირდება რუსეთის დესტრუქციული ქმედებებს ჩვენი ქვეყნების წინააღდეგ და რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის უპატივცემულობას. ასე რომ, ჩვენ გვესმის სიტყვა „კონფლიქტის“ და ამ კონფლიქტის ფასის ნამდვილი მნიშვნელობა. როგორც აღვნიშნე, ჩვენ ვაფასებთ ჩვენი ქვეყნების მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერას კონფლიქტის დარეგულირების კუთხით. ჩვენ ნამდვილად გვჯერა, რომ ეს მხარდაჭერა უნდა გაძლიერდეს, ვიდრე კონფლიქტი ძალაშია. არც ერთი კონფლიქტის დავიწყება არ შეიძლება და არ უნდა ჩაითვალოს, რომ ჩვენ ამ კონფლიქტების არსებობის პირობებში მარტივად ცხოვრება შეგვიძლია“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.
მისივე თქმით, საუკეთესო, რისი გაკეთებაც ევროკავშირს შეუძლია, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირთან სწრაფად დაახლოებაა.
„ჩვენ მუდმივად ვაწარმოებთ დიალოგს ევროკავშირთან, თუ რა დამატებით ზომებს, ინიციატივებს მივმართოთ ჩვენს სამ ქვეყანაში კონფლიქტების დასასრულებლად. მე მტკიცედ მჯერა, რომ საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც თქვენ შეგიძლიათ უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში კონფლიქტების დასასრულებლად, არის ჩვენი სამი ქვეყნის რაც შეიძლება ახლოს და რაც შეიძლება სწრაფად დაახლოება ევროკავშირთან. ეს არის საუკეთესო გზა. რაც უფრო ძლიერები და მდგრადები ვხდებით ევროკავშირთან ერთად, მით უფრო მეტი მოტივაცია ექნება დნესტრიპირეთში, ან საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფ ხალხს, გაერთიანდნენ დანარჩენ ქვეყანასთან, როდესაც დაინახავენ ჩვენი პროევროპული მთავრობების პროგრესსა და მიღწევებს“, – აღნიშნა დმიტრო კულებამ.