დმიტრო კულება - საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნა დასკვნით ეტაპზეა, როდის წავა საქართველოში, ეს ნამდვილად იქნება პოლიტიკური მომენტის საკითხი
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნა დასკვნით ეტაპზეა.
კულებას თქმით, როდის წავა საქართველოში, ეს ნამდვილად პოლიტიკური მომენტის საკითხი იქნება, რადგან ელჩის ყოფნა-არყოფნა ყოველთვის პოლიტიკური სიგნალია.
„ჩვენი ურთიერთობის განვითარებაში ბევრი ინვესტიცია ჩავდეთ. ახლა შემიძლია ვთქვა: უკრაინელი ხალხისა და ქართველი ხალხის ურთიერთობა თუ რჩება უცვლელად ძმური და პოზიტიური, მაშინ იმავეს ვერ ვიტყვით საქართველოს მთავრობაზე“, – განაცხადა დმიტრო კულებამ და ამის მაგალითად მიხეილ სააკაშვილის საქმე დაასახელა.
„სააკაშვილის საქმიდან დაწყებული, რომელსაც უბრალოდ კლავენ – აუცილებელია, ყველაფერს დავარქვათ სახელი – და დამთავრებული, ზოგადად, საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებით რუსეთის ფედერაციის მიმართ, არის კითხვები, არის პრობლემები, მაგრამ მათთან კომუნიკაციის საკმარისი არხები გვაქვს, რომ შევინარჩუნოთ ურთიერთობა და ვეცადოთ პრობლემების მოგვარებას“, – აღნიშნა დმიტრო კულებამ.