დმიტრო კულება - სამშვიდობო მოლაპარაკებების სტატუსი არის დარტყმა ვინიცაზე, ნიკოლაევზე, სხვა ქალაქებზე, რუსული მხარის გამო, მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებით, რუსული მხარის გამო, სამშვიდობო მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს და არავინ მართავს შეხვედრას ამ თემასთან დაკავშირებით.
აღნიშნულის შესახებ დმიტრო კულებამ „ფორბსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
„სამშვიდობო მოლაპარაკებების სტატუსი არის დარტყმა ვინიცაზე, დარტყმა ნიკოლაევზე, ხარკოვზე, სხვა ქალაქებზე. რუსები მანტრასავით იმეორებენ: „24 თებერვლიდან ჩვენი მიზნები რჩება იგივე, შეიცვალა მხოლოდ მათი მიღწევის გზები“. უკრაინაზე ფრონტალური თავდასხმის მეთოდი, მომენტალური განადგურებიდან შეიცვალა კონცენტრირებული დარტყმებით, მაგრამ მიზანი უცვლელი დარჩა – ჩვენი განადგურება. ყოველი ასეთი განცხადებით რუსები ავლენენ არა მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას, არამედ ამ ოპერაციის საბოლოო მიზნის უცვლელობას – უკრაინის განადგურებას. რუსული მხარის გამო, ამ დროისთვის სამშვიდობო მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს და ამ თემაზე არავინ ხვდება“, – განაცხადა კულებამ.
დმიტრო კულებას თქმით, მოლაპრაკებების გამართვა პირდაპირ კავშირშია ფრონტზე არსებულ ვითარებასთან.
„ყველა პარტნიორს მარტივად ვეუბნები: „რუსეთი უნდა დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან ბრძოლის ველზე დამარცხების შემდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ისევ ულტიმატუმის ენა იქნება“. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამ საკითხზე პრინციპულ პოზიციას იცავს. ის არ გამორიცხავს მოლაპარაკებების შესაძლებლობას, მაგრამ ახლა ამის საფუძველი არ არსებობს რუსეთის აგრესიული ქცევის გათვალისწინებით. მან ეს ძალიან მკაფიოდ განუცხადა იმ ქვეყნების ლიდერებს, რომლებიც მოლაპარაკებებზე მიანიშნებენ. ამ ლიდერებმაც შეწყვიტეს ამაზე საუბარი“, – აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.
უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უკრაინული მარცვლეულის განბლოკვის საკითხზე სტამბოლში გამართულ შეხვედრაზეც განაცხადა, რომ მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაზეა.
„სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე ექსპერტთა დონეზე დელეგაციები დასხდნენ და განიხილეს უსაფრთხოების რამდენიმე საკითხი, რომელიც სამხედროების და ლოჯისტიკის წარმომადგენლების კომპეტენციაშია. პოლიტიკური ჩარჩო გვესმის. რჩება ლოჯისტიკასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. გუშინ დელეგაციებმა და მოლაპარაკებაში მონაწილე ჯგუფებმა ეს საკითხები დიდწილად მოხსნეს. ახლა ეს ყველაფერი ქაღალდზე უნდა იქნას გადმოტანილი“, – განაცხადა მან.
კულებას თქმით, უკრაინა არ დათანხმდება არც ერთ გადაწყვეტილებას, რომელიც რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის პორტებზე ზღვიდან თავდასხმის რაიმე შესაძლებლობას დატოვებს.