დმიტრო კულება - რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის საფრთხე ნამდვილად არსებობს, მაგრამ ოფიციალური კიევი აუცილებელ სამუშაოებს ახორციელებს, რათა ასეთი სცენარი არ განხორციელდეს
რუსეთის მხრიდან უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის საფრთხე ნამდვილად არსებობს, მაგრამ ოფიციალური კიევი აუცილებელ სამუშაოებს ახორციელებს, რათა ასეთი სცენარი არ განხორციელდეს, – აღნიშნულის შესახებ „უკრაინა 24“-თან საუბარში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.
„რუსეთის მიზანი უკრაინის შიგნით დესტაბილიზაცია და სხვა სახელმწიფოებთან თავდაცვით სფეროში თანამშრომლობის ბლოკირებაა, მაგრამ უკრაინის პრეზიდენტი სრულიად განსხვავებულ ამოცანას აყენებს წინ – რაც შეიძლება ძლიერი გახდეს ქვეყანა“, – განაცხადა კულებამ.
უკრაინელმა დიპლომატმა საუბარში დაადასტურა, რომ ახალი შეტევითი ოპერაცია არის ერთ-ერთი ვარიანტი, რომელსაც კრემლი უკრაინასთან დაკავშირებით განიხილავს.
„გამოიყენებს თუ არა ამ ვარიანტს, დამოკიდებულია ორ ფაქტორზე: ჩვენს სიძლიერესა და სიმშვიდეზე, ასევე ჩვენი პარტნიორების მოქმედებების კოორდინაციაზე“, – დაამატა კულებამ.