დმიტრო კულება - რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ ნახსენებ ოთხ პუნქტზე რუსეთთან კონსენსუსი არ არსებობს
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ ნახსენებ ოთხ პუნქტზე რუსეთთან კონსენსუსი არ არსებობს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.
უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ერთადერთი სახელმწიფო ენა უკრაინაში არის და იქნება უკრაინული.
„მოლაპარაკების ძირითადი თემების ოთხ ან სხვა რაოდენობად კლასიფიკაცია არასწორია“, – თქვა კულებამ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, დელეგაციების ქვეჯგუფებში ერთდროულად ბევრი სხვადასხვა საკითხი განიხილება და უკრაინა დაჟინებით მოითხოვს, პირველ რიგში, ცეცხლის შეწყვეტას, უკრაინის უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტიებს. კულებამ მადლობა გადაუხადა თურქულ მხარეს და პრეზიდენტ ერდოღანს პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარებისთვის, ასევე დიპლომატიური ძალისხმევისთვის, რათა დასრულდეს რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ.
„ვიმედოვნებთ, რომ თურქეთი, როგორც უკრაინის მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი, ასევე გააგრძელებს მხარდაჭერას ყველა გზაზე. ასევე ვისარგებლებ შემთხვევით და შეგახსენებთ, რომ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესება და უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორებია რუსული საომარი მანქანის შესაჩერებლად და მოლაპარაკებებში სასურველი პროგრესის მისაღწევად. ასეთი სამგანზომილებიანი სტრატეგია – სანქციები, სამხედრო მხარდაჭერა, მოლაპარაკებები – კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დადგეს“,- თქვა კულებამ.
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დღეს განაცხადა, რომ უკრაინამ და რუსეთმა მოლაპარაკებებში ექვსიდან ოთხ საკითხზე ურთიერთგაგებას მიაღწიეს.