დმიტრო კულება - ნათლად ვხედავ შესაძლებლობას, რომ ნატო-ში უკრაინის მიწვევა 2025 წელს ნიდერლანდებში დაგეგმილ სამიტამდეა შესაძლებელი
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ უკრაინის ნატო-ში მიწვევა 2025 წელს ნიდერლანდებში დაგეგმილ ალიანსის სამიტამდეა შესაძლებელი.
მინისტრმა დააზუსტა, რომ საუბარია არა დაუყოვნებლივ გაწევრიანებაზე, არამედ სწორედ მიწვევაზე, რაც პოლიტიკური სიცხადის სიგნალი იქნება.
ამის შესახებ დმიტრო კულებამ „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„მე ნათლად ვხედავ შესაძლებლობას, რომ ეს მოხდეს 2025 წელს ნიდერლანდებში დაგეგმილ ნატო-ს სამიტამდე“, – განაცხადა კულებამ.
მისი თქმით, თუ არსებობს პოლიტიკური ნება, ამისთვის გზის ძებნაც კი არ არის საჭირო, რადგან უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მიწვევა ახლავე შეიძლება.
„ჩვენთვის უკრაინის ნატო-ში მიწვევის საკითხი კვლავ დღის წესრიგში რჩება და ჩვენ ამ საკითხს ვაყენებთ პარტნიორებთან მოლაპარაკებებზე, უპირველეს ყოვლისა, აშშ-თან. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ უკრაინა ყველა პარამეტრით იმსახურებს ასეთი მოწვევის მიღებას უკვე ახლა“, -განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ცნობისთვის, დღეს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. გადაწყვეტილების მიზეზი კულებას არ განუმარტავს.
მანამდე უკრაინის მთავრობაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ განცხადება უმაღლეს რადაში მმართველი ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ გააკეთა.
მოგვიანებით ეს ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმაც დაადასტურა.