დმიტრო კულება - მალტაში შეხვედრამ გაანადგურა მითი უკრაინისადმი ყურადღების შესუსტების შესახებ
დმიტრო კულება - მალტაში შეხვედრამ გაანადგურა მითი უკრაინისადმი ყურადღების შესუსტების შესახებ

მალტაში შეხვედრამ გაანადგურა მითი უკრაინისადმი ყურადღების შესუსტების შესახებ, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

კულებამ აღნიშნა, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მსოფლიოს სახელმწიფოების ჩართულობა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ე.წ. მშვიდობის ფორმულის განხილვაში მნიშვნელოვნად გაიზარდა.

„15 სახელმწიფო მონაწილეობდა მოლაპარაკებებში ივნისში, კოპენჰაგენში, 42 – აგვისტოში, ჯედაში, ახლა კი უკვე 66 სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაცია შეიკრიბა მალტაში“, – აღნიშნა კულებამ.

მისივე თქმით, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში უამრავი „მშვიდობიანი“ ინიციატივა გაქრა საინფორმაციო ველიდან, რომელიც უკრაინას სთავაზობდა ტერიტორიების დათმობას ან რაღაცის გაცვლას.

„ახლა ყველა განხილვის ცენტრშია სამართლიანი და პატიოსანი უკრაინული ფორმულა, რომელიც სრულად შეესაბამება გაერო-ს წესდების პრინციპებს და გენერალური ასამბლეის ძირითად რეზოლუციებს. და ეს არის ფორმულის პირველი, ძალიან კონკრეტული შედეგი. მალტაში ჩატარებული შეხვედრა ანგრევს ორ მითს: პირველი მითი უკრაინისადმი ყურადღების დაქვეითების შესახებ ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების ფონზე და მეორე მითი უკრაინის მხარდაჭერის დაკარგვის შესახებ“, – განაცხადა კულებამ.

მალტაში გამართულ ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის მრჩეველთა შეხვედრას ჩინეთი არ დასწრებია.

არსებული ინფორმაციით, მალტაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შეთავაზებული 10-პუნქტიანი ფორმულის ხუთი პუნქტი: ბირთვული უსაფრთხოება, სასურსათო უსაფრთხოება, ენერგეტიკული უსაფრთხოება, პატიმრებისა და დეპორტირებულების გათავისუფლება და ტერიტორიული მთლიანობა.