დმიტრო კულება - კიევის პოზიცია მშვიდობის სამიტის საბოლოო კომუნიკეში გათვალისწინებულია
დმიტრო კულება - კიევის პოზიცია მშვიდობის სამიტის საბოლოო კომუნიკეში გათვალისწინებულია

კიევის პოზიცია მშვიდობის სამიტის საბოლოო კომუნიკეში გათვალისწინებულია, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ჟურნალისტებთან საუბრისას შვეიცარიაში განაცხადა, სადაც სამიტი მიმდინარეობს.

„ტექსტი დაბალანსებულია. ყველა ჩვენი პრინციპული პოზიცია, რომელსაც დაჟინებით მოითხოვდა უკრაინა, გათვალისწინებულია“, – აღნიშნა დმიტრო კულებამ.

კულებას თქმით, სამიტზე ალტერნატიული სამშვიდობო გეგმები არ განიხილებოდა.

სამიტის საბოლოო კომუნიკე ოფიციალურად ჯერ არ გავრცელებულა.

შვეიცარიაში მშვიდობის გლობალური სამიტი, მეორე დღეა, მიმდინარეობს, რომელსაც 100 ქვეყნის დელეგაცია ესწრება, მათ შორის, სახელმწიფოსა და მთავრობის 57 მეთაური მთელი მსოფლიოდან.

სამიტის პირველ დღეს ლიდერებმა ყურადღება გაამახვილეს უკრაინისთვის არსებულ საჭიროებებზე და აღნიშნეს, რომ ახლა საერთაშორისო თანამეგობრობის ერთად დგომაა აუცილებელი, რათა მხარი დაუჭირონ უკრაინას მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე.