დმიტრო კულება - ხორვატია თავისი პორტებით დაეხმარება უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს
ხორვატია თავისი პორტებით დაეხმარება უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.
„შევთანხმდით ხორვატიის პორტების გამოყენების შესაძლებლობაზე დუნაისა და ადრიატიკის ზღვაზე უკრაინული მარცვლეულის ტრანსპორტირებისთვის. ჩვენ ახლა ვიმუშავებთ ამ პორტებისკენ ყველაზე ეფექტური მარშრუტების მოწყობაზე და ამ შესაძლებლობის მაქსიმალურად გამოყენებაზე. ყოველი წვლილი ექსპორტის განბლოკვაში, ყოველი ღია კარი არის რეალური, ეფექტური წვლილი მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოებაში“, – აღნიშნა კულებამ ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან, გორდონ ჰირლიხ-რადმანთან მოლაპარაკებების შემდეგ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ, მიუხედავად ყველა სამხედრო გამოწვევისა, ხორვატია შეუერთდა როგორც ევროკავშირს, ასევე ნატო-ს და გამოთქვა რწმენა, რომ უკრაინა აუცილებლად წავა ამ გზაზე, განსაკუთრებით მათი თანმიმდევრული და ძლიერი მხარდაჭერით.
„ჩვენი მოლაპარაკებების მთავარი თემა დღეს, როგორც ტრადიციულად სხვა პარტნიორებთან, იყო იარაღი. განვიხილეთ ხორვატიის შემდგომი მხარდაჭერა. გასაგები მიზეზების გამო, დეტალებს არ გაგიზიარებთ. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ არის კონკრეტული შეთანხმებები, რომლებიც მალე განხორციელდება“, – აღნიშნა დმიტრო კულებამ.
დიპლომატებმა მოლაპარაკებებისას მნიშვნელოვანი დრო დაუთმეს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის „მშვიდობის ფორმულის“ განხორციელებას.
„ხორვატიამ დაადასტურა, რომ მზად არის, მონაწილეობა მიიღოს „მშვიდობის ფორმულის“ რამდენიმე პუნქტის განხორციელებაში: სასურსათო უსაფრთხოება, ენერგოუსაფრთხოება, გაერო-ს წესდებისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის აღდგენა, რუსეთის დანაშაულების მართლმსაჯულების მიღწევა და პრევენცია. ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ. ეს არის ზუსტად ის სპეციფიკა, რასაც სხვა ქვეყნებისგან ველით და ერთად ვაგრძელებთ „მშვიდობის ფორმულის“ განხორციელებასა და შესაბამისი სამიტის ჩატარებას“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.