დმიტრო კულება ითხოვს, რომ წევრობაზე უკრაინის განაცხადი ევროკავშირმა საქართველოსა და მოდლოვას განაცხადებისგან დამოუკიდებლად განიხილოს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინის განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე საქართველოსა და მოლდოვას განაცხადებისგან ცალკე უნდა განიხილებოდეს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ონლაინ ბრიფინგისას განაცხადა.
„ევროინტეგრაციის მიმართულებით ჩვენი ძველი პარტნიორების, საქართველოსა და მოლდოვას მიმართ ჩემი დიდი პატივისცემით, უკრაინის შემთხვევა აბსოლუტურად გამონაკლისია. ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ, რომ უკრაინის საკითხი განიხილებოდეს დამოუკიდებლად, რაც შეიძლება მალე“, – აღნიშნა კულებამ.
მან აღნიშნა, რომ გაწევრიანების პროცედურა უნდა გამარტივდეს, რათა ევროკავშირში უკრაინის ინტეგრაცია შეუფერხებელად მოხდეს.