დმიტრო კულება გერმანიას მოუწოდებს, თავისი განცხადებებით არ წაახალისოს ვლადიმერ პუტინის ახალი თავდასხმა უკრაინაზე
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება გერმანიას მოუწოდებს, რომ ოფიციალური ბერლინმა საკუთარი განცხადებებით არ წაახალისოს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახალი თავდასხმა უკრაინაზე.
როგორც კულებამ „ტვიტერით“ განაცხადა, უკრაინა-გერმანიის ურთიერთობების დონეს და უსაფრთხოების ამჟამინდელ მდგომარეობას არ შეესაბამება:
– გერმანიის ბოლო განცხადებები უკრაინისთვის იარაღის გადაცემის შესაძლებლობის თაობაზე, კერძოდ, მესამე ქვეყნებისთვის ამ ნებართვის არ მიცემის გამო;
– უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთის ფედერაციის Swift-ის საერთაშორისო გადახდის სისტემიდან გათიშვის თაობაზე არსებული რყევები;
– განცხადებები ყირიმის დაბრუნების მცდელობების უშედეგობაზე.
მისი თქმით, დასავლეთის ერთიანობა რუსეთთან მიმართებაში ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე და რუსეთის ფედერაციის შესაკავებლად დიდი ძალისხმევა კეთდება.
„გერმანელმა პარტნიორებმა უნდა შეწყვიტონ ასეთი სიტყვებითა და ქმედებებით ერთიანობის შელახვა და ვლადიმერ პუტინის მხრიდან უკრაინაზე ახალი თავდასხმის წახალისება“, – დაწერა კულებამ „ტვიტერზე“.
კულებას თქმით, უკრაინა მადლიერია გერმანიის მიმართ, 2014 წლიდან გაწეული მხარდაჭერისა და რუსეთ-უკრაინის შორის არსებული კონფლიქტის მოსაგვარებლად დიპლომატიური ძალისხმევისთვის.
„მაგრამ გერმანიის ამჟამინდელი განცხადებები იმედგაცრუებას იწვევს და ეწინააღმდეგება ამ მხარდაჭერასა და ძალისხმევას“, – განაცხადა კულებამ.
ცნობისთვის, გერმანიამ უკრაინის არმიისთვის გერმანული წარმოების იარაღის გადაცემის ნებართვაზე ნატო-ს მოკავშირე ესტონეთის მოთხოვნა დაბლოკა.