უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ჩინეთში ჩავიდა, სადაც მას საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვან ისთან მოლაპარაკებები აქვს დაგეგმილი.
ამის შესახებ კულება სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ვიდეოში ამბობს.
„წინ ჩინელ კოლეგასთან, ვან ისთან ფართო, დეტალური, საგნობრივი მოლაპარაკებებია სამართლიანი მშვიდობისკენ გზების შესახებ. ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ სამშვიდობო გეგმების კონკურენცია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიევი და პეკინი აწარმოებენ პირდაპირ დიალოგს და პოზიციების გაცვლას“, – აღნიშნავს კულება.
კულებას განცხადებით, ეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ორმხრივი ვიზიტია არა მხოლოდ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბური ომის დაწყებიდან, არამედ 2012 წლის შემდეგ.
უკრაინელი დიპლომატის თქმით, ჩინელ კოლეგასთან ორმხრივ ურთიერთობებსაც განიხილავს.
„დარწმუნებული ვარ, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო, ჩინეთმა ჩვენს სახელმწიფოსთან ურთიერთობებს ევროპასთან თავისი სტრატეგიული ურთიერთობების პრიზმიდან უნდა შეხედოს“, – აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.
დმიტრო კულებას ვიზიტი ჩინეთში 25 ივლისამდე გაგრძელდება.