დმიტრო კულება აცხადებს, რომ უკრაინა Leopard-ის ტიპის ტანკების მიღების ფინალურ ეტაპზე იმყოფება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ უკრაინა Leopard-ის ტიპის ტანკების მიღების ფინალურ ეტაპზე იმყოფება. ამის შესახებ უკრაინელმა დიპლომატმა უკრაინულ მედიასთან განაცხადა. დმიტრო კულება დარწმუნებულია, რომ კიევს გადასცემენ გერმანული წარმოების ტანკებს.
„ტანკების საკითხში დარჩენილია ნახევარი ნაბიჯი. ჩვენ უკვე მივიღეთ ბრიტანული Challenger-ები, რომლებზეც ამბობდნენ, რომ ეს შეუძლებელია. უკვე ვიღებთ ფრანგულ მსუბუქ ტანკებს. ჩვენ გვესმის, რომ საფრანგეთი ფიქრობს Leclerc-ის ტანკების მიწოდებაზე. ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენამდე Leopard-იც მოვა, ფინალურ სტადიაზე ვიმყოფებით“, – განაცხადა კულებამ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ კიევისთვის ნებისმიერი შეიარაღების მიწოდება გერმანიისთვის პრობლემური იყო.
„ასეთი ქვეყანაა, არსებობს სპეციფიკა, საჭიროა მისი გათვალისწინება. თუმცა, საბოლოოდ, ჩვენ ყოველთვის ვიღებდით აუცილებელ შედეგს და ამ შემთხვევაშიც ასევე მივიღებთ“, -აღნიშნა მინისტრმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ უკრაინული მხარე საერთაშორისო პარტნიორებს აწვდის ინფორმაციას, რომ იარაღის მიწოდების შეყოვნების ყოველ დღეს იღვრება უკრაინელების სისხლი.
შეგახსენებთ, პოლონეთი და კიდევ რამდენიმე ევროპული ქვეყანა მზადყოფნას გამოთქვამს, უკრაინას Leopard 2-ის ტიპის ტანკები მიაწოდოს, თუმცა ამისთვის აღნიშნული ტანკების მწარმოებელი ქვეყნის – გერმანიის ნებართვას ელოდება.